მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის 4 საჯარო ბაღის დირექტორი გაათავისუფლეს - ბაღების სააგენტოს განმარტება

კერძო ბაღი

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების ოთხი დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ bm.ge-ის ბაგა-ბაღების სააგენტოში დაუდასტურეს. საუბარია მე-17, 38-ე, 28-ე და პირველი საჯარო ბაღების დირექტორებზე. ასევე, რამდენიმე სხვა თანამშრომელზეც.

უწყებაში ირწმუნებიან, რომ დირექტორების გათავისუფლება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ორგანიზაციული ცვლილებების ნაწილია.

"დაიწყო კომპლექსური მონიტორინგის პროცესი, რომლის მიზანია ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო და ადმინისტრირების პროცესის შესაბამისობის შეფასება არსებულ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან. კომპლექსური მონიტორინგი ხორციელდება როგორც ადმინისტრაციული, ისე სააღმზრდელო მიმართულებით. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები. საბავშვო ბაგა-ბაღის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია ბაღის დირექტორი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს მინდობილ პირს. რამდენიმე ბაღში გამოვლენილი დარღვევების სიმძიმემ აჩვენა, რომ ბაღის მენეჯერები ვერ ართმევდნენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც თავის მხრივ ზიანს აყენებს სააღმზრდელო პროცესს. შესაბამისად, გათავისუფლდა ოთხი საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი და რამდენიმე თანამშრომელი; ზოგიერთი დასაქმებულის მიმართ გატარდა სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.

აღსანიშნავია, რომ მონიტორინგი, რომელიც უზრუნველჰყოფს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო თუ ადმინისტრაციული პროცესის კანონთან თუ სხვადასხვა სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვას, მუდმივია და გაგრძელდება", - განაცხადეს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში.

ცნობისთვის, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეორგანიზაცია რამდენიმე კვირის წინ გამოცხადდა. როგორც მაშინ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში BM.GE-ის განუცხადეს, ამის მიზეზი თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაცია იყო, რომელიც მერიამ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გასული წლის ნოემბრიდან მერიის თანამშრომელთა ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას გაემიჯნა. მას შემდეგ სამსახურიდან არაერთი საჯარო მოხელე გაუშვეს. გათავისუფლებულები ფაქტს საკუთარ პოზიციას უკავშირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები