ტურისტული კომპანია GASA-ს დამფუძნებელი გიორგი შენგელია ახალი აეროპორტის მოწყობასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ემხრობა და არგუმენტად გაზრდილი მგზავრთნაკადი და არსებული ინფრასტრუქტურის უკმარისობას ასახელებს. შენგელია ფიქრობს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიგები სწორედ მისი მასშტაბის პრობლემით არის გამოწვეული. ამის შესახებ მან "საქმის კურსთან" ისაუბრა.
“თბილისის ახლანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა შეზღუდულია, საკმაოდ დიდი რიგებია. საკმაოდ რთულია და ხანგრძლივია პასპორტკონტროლზე მგზავრების გატარების პროცედურა და ვფიქრობთ, რომ ამ აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 2028 წელი არც ისე შორს არის, თუმცა არც ისე ახლოს, ჩვენ პრობლემები თბილისის აეროპორტში უკვე ამ ზამთარს გვქონდა და ზაფხულში დარწმუნებული ვართ, რომ უფრო მეტი პრობლემა გვექნება. ძალიან შეფერხებით ხდება პასპორტკონტროლზე რეისებიდან ჩამოსული მგზავრების მომსახურება, მერე ხდება რეისების გაჩერება. მაგალითად, თებერვალში 14 რეისი გვქონდა ისეთი, რომელმაც 1 საათზე მეტი დააგვიანა პასპორტკონტროლზე შეფერხების გამო. შესაბამისად ის, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობა სავალდებულოა, ამაში ორი აზრი არ არსებობს”, - ამბობს კომპანია GASA-ს დამფუძნებელი გიორგი შენგელია.
თბილისში, ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობის შესახებ განცხადება გუშინ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, რასაც ვიცე-პრემიერის განმარტებები მოჰყვა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აეროპორტის პროექტირება მომავალ წელს დასრულდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება $1.260 მლრდ-ი იქნება და სახელმწიფო მის აშენებას კერძო ინვესტიციების მოზიდვით გეგმავს. საწყის ეტაპზე, აეროპორტი პირველი თვითმფრინავის მიღებას 2028 წლისთვის შეძლებს. ამასთან, აეროპორტი სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება, მის მართვაში კი კერძო გამოცდილი კომპანია ჩაერთვება.