ღვინის დღესთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და კახეთის გზატკეცილზე ბანერების განთავსებისთვის ღვინის ეროვნული სააგენტო "ალმასთვის" 605 295 ლარის გადახდას გეგმავს.
უწყებამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებულ შესყიდვის ნებართვაზე უკვე მიმართა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 მაისს ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება. "აღნიშნულთან დაკავშირებით, სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ესაჭიროება სარეკლამო მომსახურების შესყიდვა, რომელიც ითვალისწინებს ღვინის ეროვნული დღის შესახებ შესაბამისი ტექსტური და ვიზუალური ინფორმაციის განთავსებას.
აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, ტურიზმის პოტენციალის ზრდასა და ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობას.
სარეკლამო მასალების განთავსება იგეგმება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებულ სარეკლამო ბილბორდებზე, აგრეთვე აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე – კახეთის გზატკეცილზე განთავსებულ ხიდებზე არსებულ სარეკლამო ბილბორდებზე. მომსახურების ვადა შეადგენს ორ კვირას", - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
სააგენტო აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ბანერის განთავსების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ კომპანია "ალმას" აქვს. ამიტომ ხელშეკრულებაც მასთან უნდა გაფორმდეს.
"ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა პირი, ვინაიდან წარმოდგენილ სარეკლამო სივრცეში განთავსებულ სარეკლამო კონსტრუქციაზე რეკლამის განთავსების და განთავსებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ექსკლუზიური უფლება გააჩნია შპს ,,ალმას“-ს", - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.




























