თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთლიანი მოცულობა 1 020 000 ათასი ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ დედაქალაქის ბიუჯეტის 2020 წლის კანონის პროექტშია აღნიშნული.
2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, შემოსავლები 979 569 ათას ლარს შეადგენს, რაც 30 მილიონი ლარით ნაკლებია 2019 წლის დაგეგმილ შემოსავლებზე(1 010 200,5 ათასი ლარი).
მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტით, შემოსავლებში 979 მილიონი ლარიდან 675 მილიონი ლარი გადასახადებია, 100 მილიონი გრანტები, 202 მილიონი კი სხვა შემოსავლები.
მთლიანობაში შემოსავლები მცირდება, თუმცა, გარკვეულ მიმართულებებში მერიას უფრო პოზიტიური მოლოდინი აქვს, ვიდრე წელს ჰქონდა. შემოსავლებში მატებას, თბილისის მერია 2020 წელს გადასახადებიდან ელოდება. გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები 2020 წლის ბიუჯეტში დაახლოებით 17 მილიონით იზრდება.
მაგალითად, დედაქალაქის მერია ელოდება, რომ დაახლოებით 15 მილიონით მეტი თანხა შევა 2020 წელს დედაქალაქის ბიუჯეტში ქონების გადასახადიდან. თუ მიმდინარე წლის გეგმა 185 მილიონი ლარი იყო, მომდევნო წელს მერია ელოდება, რომ ქონების გადასახადიდან 205 მილიონი ლარის მობილიზებას შეძლებს, ანუ 20 მილიონი ლარით მეტს.
რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, თბილისის მერია 2020 წელს მშენებლობის ნებართვებიდან ასევე უფრო მეტი თანხის მობილიზებას ელოდება, ვიდრე მიმდინარე წელს. 2019 წლის გეგმა 8,5 მილიონი იყო, მომდევნო წლის კი 10 მილიონამდეა გაზრდილი.
დედაქალაქის მთავრობა ასევე მილიონ ლარს ელოდება ტაქსების ლიცენზიის მოსაკრებლიდან. მიმდინარე წლის გეგმა მილიონ 700 ათასი ლარი იყო. 11 მილიონი ლარით მეტ შემოსავალს ელოდება თბილისის მერია ჯარიმებიდან და საურავებიდან. მიმდინარე წელს ამ მუხლით 40 მილიონი ლარის მობილიზება იყო გათვალისწინებული, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი კი 11 მილიონი ლარით მეტს, 51 მილიონ ლარს ელოდება. 4 მილიონით ნაკლებ თანხას ელოდება დედაქალაქის მთავრობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან.
წინა წელთან შედარებით შემცირებულია ხარჯების მოცულობაც და 735 მილიონ ლარს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით ასევე 28 მილიონით ნაკლებია(763 886,0 ათასი ლარი).
2020 წლისთვის 20 მილიონი ლარით მცირდება შრომის ანაზღაურების მუხლი. ბიუჯეტში ასევე განსაზღვრულია, რომ მცირდება მომუშავეთა რიცხოვნობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 1 266 ადამიანით. თუ 2019 წელს თბილისის მუნიციპალიტეტში 4 936 პირი იყო დასაქმებული, 2020 წელს მომუშავეთა რიცხოვნობის შემცირება 3 670 პირამდე იგეგმება. როგორც bm.ge-ს მერიაში განუმარტეს, არ იგეგმება სამუშაო ადგილების შემცირება, არამედ საუბარია იმაზე, რომ თბილისის სასაწრაფო მერიიდან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის და ცვლილებებიც ბიუჯეტში ამით არის განპირობებული.
რაც შეეხება უშუალოდ უშუალოდ მერიის ადმინისტრაციისა და თბილისის საკრებულოს ხარჯებს, ანაზღაურებასა და დასაქმებულთა რიცხოვნობას. ამ კუთხით დასაქმებულთა რიცხოვნობა 51 ადამიანით იზრდება. თანამშრომლები ემატება მუნიციპალურ ინსპექციას, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს. უშუალოდ მერიის ადმინისტრაციაში თანამშრომელთა რიცხოვნობა არ იცვლება და ისევ 115 ადამიანი რჩება, თუმცა, იზრდება შრომის ანაზღაურების მუხლი 242 ათასით. თბილისის საკრებულოში ცვლილებები არც შრომის ანაზღაურების მუხლში და არც მომუშავეთა რიცხოვნობაში არ იგეგმება. სარეზერვო ფონდიც უნდა ვახსენოთ, მომდევნო წელს ფონდის დაფინანსება ნახევდრება და 2 მილიონ 500 ათასს შეადგენს.
ხარჯებში იზრდება სუბსიდიების მუხლი, 15 მილიონით, სოციალური უზრუნველყოფის კუთხით კი თბილისის მერია მომავალ წელს 10 მილიონი ლარით ნაკლებს დახაჯრავს, ვიდრე მიმდინარე წელს.
თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება:
– სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა
–აღდგენა 122 046.1 ათასი ლარი;
– ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული შენობების გამაგრება 269 046.9 ათასი ლარი;
– ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება 111 348.1 ათასი ლარი;
– ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა 7 127.5 ათასი ლარი;
– ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება 38 296.3 ათასი ლარი;
– ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 151 695.8 ათასი ლარი;
– განათლება 168 559.6 ათასი ლარი;
– კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა 41 835.5 ათასი ლარი;
– საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 6 601.2 ათასი ლარი.
– ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები 103 442.9 ათასი ლარი.