მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისის განვითარების ფონდი“ ქორწინების სახლის რეაბილიტაციას იწყებს - პროექტის ღირებულება ₾1.07 მლნ-ია

ქორწინების სახლი

„თბილისის განვითარების ფონდი“ ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლის რეაბილიტაციას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ჩატარებულია შესაბამისი კვლევები და აღნიშნულ ობიექტს მინიჭებული აქვს ავარიულობის III კატეგორია.

„ჩატარებული კონსტრუქციული კვლევების თანახმად, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში რესტავრირებული შენობის მზიდი კონსტრუქციები არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. ობიექტს მინიჭებული აქვს ავარიულობის III კატეგორია, რის გამოც მისი ნაწილობრივი დაშლისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, იდენტური სახით აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია დავალების მიცემიდან 14 თვე.

თბილისის მერს სხდომაზე პროექტის ღირებულების შესახებ დეტალები არ გაუსაჯაროებია, როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, სამუშაოებს შპს „აბსოლუტპლუსი“ განახორციელებს. სამუშაოების ღირებულება კი 1 074 573 ლარი იქნება.

თავად „თბილისის განვითარების ფონდს“ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 1 172 832 ლარი ჰქონდა განსაზღვრული. ტენდერში „აბსოლუტპლუსთან“ ერთად კიდევ ერთი კომპანია, შპს „რესტავრატორები და კომპანია“ შევიდა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის უნიკალური ურბანული იერსახის შენარჩუნებას.

„შენობის ექსტერიერი სრულად შეინარჩუნებს ისტორიულ სახეს. პროექტის მიზანია დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება და ქალაქის უნიკალური ურბანული იერსახის შენარჩუნება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობა იქნება განახლებული“, - ამბობს კახა კალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები