მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისის განვითარების ფონდს“ „ბიქეი კონსტრაქშენისთვის“ სამუშაოების წარმოების უფლება უკონკურენტოდ არ მიუცია - თბილისის მერია

თბილისი მერია
08.12.23 21:00
703

თბილისი მერია გამრეკელის ქუჩაზე "ბიქეი კონსტრაქშენის" მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში წერია, „თბილისის განვითარების ფონდს“ „ბიქეი კონსტრაქშენისთვის“ სამუშაოების წარმოების უფლება უკონკურენტოდ არ მიუცია.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერის კორუფციული გარიგების წყალობით, „თბილისის განვითარების ფონდმა“ გამრეკელის ქუჩაზე სამუშაოების წარმოების უფლება კომპანია „ბიქეი კონსტრაქშენს“ უკონკურენტოდ მისცა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მორიგი სიცრუე და დეზინფორმაცია, რასაც აღნიშნული ტელეკომპანია პერიოდულად მიზანმიმართულად ავრცელებს, დედაქალაქის მერისა და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მიზნით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროექტს. აღნიშნული პროექტის დაანონსებისთანავე, თბილისის ვიცე-მერმა მოიწვია ბაზარზე არსებული ყველა წამყვანი დეველოპერული და სამშენებლო კომპანია და მათ პრეზენტაციის სახით მიაწოდა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

ამის შემდეგ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე და პოტენციური მიმწოდებლების გამოკითხვის გზით, ათეულობით კომპანიას გაეგზავნა ბაზრის კვლევის შედეგები და გამოცხადდა საჯარო ტენდერი.

ავარიული მრავალბინიანი სახლის ჩანაცვლების სამივე ტენდერში გაიმარჯვა „ბიქეი კონსტრაქშენმა", რომელიც ამ ტენდერების ერთადერთი მონაწილე იყო. კონკრეტულად გამრეკელის ქუჩაზე, ავარიული კორპუსის ჩანაცვლების მიზნით გამოცხადებულ ტენდერი პირველ ჯერზე ჩავარდა და მხოლოდ მეორედ გამოცხადების შემდეგ გამოჩნდა მონაწილე.

აღნიშნული ტენდერებით, სამწუხაროდ, არცერთი სხვა სამშენებლო კომპანია არ დაინტერესებულა, ვინაიდან ეს პროექტები არის ძალიან ეკონომიკური, ხარჯეფექტური და დეველოპერებს არ რჩებათ დიდი მოგება.

ამას ადასტურებს თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადება, რომლითაც ის მოუწოდებდა სამშენებლო სექტორს, ეაქტიურათ, ჩართულიყვნენ ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროექტში (იხილეთ რამდენიმე განცხადება: https://tbilisi.gov.ge/news/14589; https://tbilisi.gov.ge/news/13444; ).

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ მაყურებელს და ნუ ეცდებიან დეზინფორმაციის გავრცელების გზით შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება", - წერია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები