მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერია 6.5 მილიონ ევროდ ლილოს ნაგავსაყრელის რეაბილიტაციას გეგმავს

ლილოს ნაგავსაყრელი თბილსერვის ჯგუფი

დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის რეაბილიტაციაზე თბილისის მერია 6.5 მილიონ ევროს დახარჯავს. კახა კალაძის განცხადებით, გამოვლენილია საპროექტო და სამშენებლო ტენდერის გამარჯვებული კომპანია და შესაბამის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერება. პროექტს EBRD-ი აფინანსებს.

კახა კალაძის განცხადებით, დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე ჩასატარებელი სამუშაოები ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამასთან, კალაძის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს პოლიგონის ახალ ტერიტორიაზე გადატანაზეც, რისთვისაც შესაბამისი არეალის მოძიება მიმდინარეობს.

„პროექტი მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელსაც შექმნილი აქვს საინიციატივო ჯგუფი, არაერთი შეხვედრა გავმართეთ. მათ მივეცი პირობა, რომ იქ არსებული მდგომარეობა მოწესრიგდებოდა. აღნიშნულ ნაგავსაყრელზე მთელი რიგი პრობლემები არსებობს. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ დაწყებული გვაქვს ახალი არეალის მოძიება, სადაც შესაძლებელი იქნება ნაგავსაყრელის გადატანა. ამაში ჩართულია შესაბამისი კომპანიები, რათა ქალაქიდან მოშორებით განხორციელდეს ახალი პროექტი. რა თქმა უნდა, არსებული ნაგავსაყრელის იმ პირობებში დატოვება, რა პირობებშიც ის დღეს არის, წარმოუდგენელი და ძალიან მძიმეა.

აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), რადგან უცხოელი ექსპერტების ჩართულობის გარეშე, რთულია ამ ტიპის სამუშაოების ჩატარება. ჩვენ ამ მიმართულებით არ გვყავს ძლიერი სპეციალისტები. პროექტის ღირებულება 6,5 მლნ ევროს შეადგენს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დაკვეთით, შპს „გუმბათი ჰოლდინგი“ შეასრულებს.

„კონტრაქტორი კომპანია პროექტის მომზადებას ხვალიდან დაიწყებს. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, ლილოს პოლიგონზე ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი პრობლემა მოგვარდება და შემცირდება ის აუტანელი სუნი, რაც წლების განმავლობაში აწუხებს მოსახლეობას. ნაგავსაყრელი ეტაპობრივად გაიწმინდება წლების განმავლობაში დაგროვებული ნაჟური წყლებისგან, ახალი განთავსებული ნარჩენებისგან წარმოქმნილი სითხე ავტომატურად გაიფილტრება და ის პრობლემა, რაც სუნს უკავშირდებოდა, მთლიანად მოიხსნება. აღნიშნული კომპანია, „გუმბათი ჰოლდინგი“ მაქვს მხედველობაში, ბერძნულ საპროექტო და გერმანულ მწარმოებელ კომპანიებთან ერთად იმუშავებს. პროექტირებისა და სამუშაოების განხორციელების ვადა 12 თვეა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შესაბამისი ტენდერი EBRD-მა საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით ჩაატარა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში თბილისერვისის მიერ წარდგენილი სკრინინიგის ანგარიშის თანახმად, პროექტი ძირითადად ნაგავსაყრელიდან გამოჟონილი წყლების გაწმენდას შეეხება. განაცხადის თანახმად, ნაგავსაყრელი ექსპლოატაციაში 2010 წელს შევიდა და თავდაპირველად განსაზღვრული საინჟინრო ობიექტი, რომელიც წყლების გაწმენდაზე იყო პასუხისმგებელი თავის ფუნქციებს ვეღარ ასრულებს. უწყების თანახმად ნაგავსაყრელზე დღეში 1000 ტონა ნარჩენები შედის.

"ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე განთავსებულია ნაჟური წყლების გაწმენდის სისტემა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ნაჟური წყლების ადექვატურად გაწმენდას, რამაც თავის მხრივ გამოიწვის სისტემა ჭარბი წყლის დაგროვება. 2022-2024 წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით ნათლად გამოიკვეთა ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემა ვერ ფუნქციონირებს და აუცილებელია გამწმენდი სისტემის გამოცვლა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახალი გამწმენდის დადგმის პროცესში ვერ მოხერხდება არსებული გამწმენდი სისტემის გამორთვა, შესაბამისად შერჩეულ ინა ტერიტორია ნაჟური წყლების არსებული რეზერვუარის მიმდებარედ, სადაც დამონტაჟდება ახალი გამწმენდი ნაგებობა, ხოლო მისი ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ მოხდება არსებული სისტემის დემონტაჟი. ამავე დროს გამოყენებული იქნება ნაჟური წყლების შეგროვების არსებული რეზერვუარები, რომლებსაც მიუერთდება ახალი გამწმენდი ნაგებობა,"- ნათქვამია პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები