მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა - ის ერთობლივი საჯარო განცხადების ხელმომწერი იყო

მარიამ გოგიაშვილი

თბილისის მერია კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა. სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საგზაო მოდელერის პოზიციაზე მყოფმა მარიამ გოგიაშვილმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

"ძალიან ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გიზიარებთ არც თუ ისე მოულოდნელ ამბავს. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის აქ მუშაობა, ბევრი რამ ვისწავლე, ვაკეთე და მიხარია რომ თბილისის ქუჩების რეაბილიტაციის ნაწილში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი.
თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული. ასე და ამგვარად, ღია ვარ საინტერესო შემოთავაზებებისთვის, როგორც საგზაო პროექტების ინჟინერია / დაგეგმარების, ისე დიზაინისა და ილუსტრირების მიმართულებით. გთხოვთ, ჩემს ამბავს ნუ გამოიყენებთ თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის", - წერს მარიამ გოგიაშვილი.

ცნობისთვის, გოგიაშვილი თბილისის მერიის თანამშრომელთა საჯარო განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი იყო, რითაც იგი გაემიჯნა საქართველოს მთავრობის 28 ნოემბერს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნის შეჩერებასთან დაკავშირებით. მარიამ გოგიაშვილმა 1 დეკემბერს თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებაც საჯაროდ გააკრიტიკა, სადაც კალაძე ამბობდა, რომ მერიის თანამშრომელთა ნაწილის ერთობლივი განცხადება გასაკვირი არ ყოფილა, ვინაიდან რეორგანიზაცია გვაქვს გამოცხადებულიო, რომლის ფარგლებშიც ბევრი ცვლილება იგეგმებაო.

მარიამ გოგიაშვილმა მაშინ საჯაროდ განაცხადა, რომ მას არ უფიქრია რეორგანიზაცია მასაც თუ შეეხებოდა და უსამსახუროდ დარჩებოდა.

"მეხუთე წელია მერიაში ვარ, ერთადერთი მიზეზი რატომაც ამდენ ხანს დავრჩი, იყო იმ საქმის სიყვარული, რომელსაც ვაკეთებდი და არა ის, რომ წასასვლელი არ მქონდა, ხელფასი მაკმაყოფილებდა, ან ვინმეს ნათესავი ვიყავი.ჩემი მოდელირებულია მელიქიშვილი, ამირეჯიბისა და თამარაშვილის კვეთა, გორგასლის ქუჩა და კიდევ არაერთი პროექტის მონაწილე ვარ. ასევე, ვარ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ანალიზისა და ვიზუალიზაციის პროექტის ხელმძღვანელი და ამ პროექტის მეშვეობით არაერთი განცხადება გაუკეთებია თავად მერსაც! მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა, რომ არცერთი წამით არ მიფიქრია, რომ რეორგანიზაცია მე შემეხებოდა და უსამსახუროდ დავრჩებოდი.

ჩემს გარდა, არიან განცხადებაზე ხელმომწერი პირები, რომლებსაც ჩემზე ბევრად დიდი გამოცდილება აქვთ მერიაში მუშაობის და ცხოვრების არაერთი წელი შეალიეს თბილისისთვის კარგი საქმის კეთებას.ვინაიდან ყველასთვის ცნობილია საჯარო მოხელის ხელფასის შესახებ, თამამად ვიტყვი , რომ ამ ხალხის თავდაუზოგავ შრომას უმეტესად ენთუზიაზმი და თბილისის სიყვარული უდგას სათავეში და არ მგონია სამართლიანი იყოს ამ სახის განცხადება და საკუთარი თანამშრომლებისთვის ხაზის ასე მტკივნეულად გადასმა.ჩვენი გაკეთებული განცხადების მიზეზი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სიყვარული და განვითარებისკენ სწრაფვის სურვილია!", - წერდა მარიამ გოგიაშვილი 1 დეკემბერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები