თბილისის მერია მუშთაიდის ბაღის მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებას აპირებს. კახა კალაძე აცხადებს, რომ ბაღის არსებული მდგომარეობა მათთვის მიუღებელია, ამიტომ გადაწყვეტილია მერიამ ტერიტორია დაიბრუნოს, რომელიც ამ ეტაპზე გაიჯარებულია. საკითხზე კალაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
„ჩვენი სურვილია აღნიშნული ტერიტორია დაუბრუნდეს მუნიციპალიტეტს. იცით, რომ ეს არის კერძო საკუთრებაში, დღეს იჯარით აქვს აღებული კონკრეტულ კომპანიას, მაგრამ იქ არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რა სტანდარტებითაც მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს პარკების, სკვერების განახლება/რეაბილიტაციას. გვინდა აღნიშნული ტერიტორია დაუბრუნდეს მუნიციპალიტეტს და გავაკეთოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები და იყოს ერთ-ერთი საუკეთესო პარკი ქალაქში“,-აცხადებს კახა კალაძე.
მუშთაიდის ბაღის ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ტერიტორია იჯარით შპს ,,მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკმა" 2011 წელს 10-წლიანი ვადით აიღო. 2013 წელს კი კომპანიას 37833 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები უზუფრუქტის წესით 47 წლის ვადით გადაეცა.