თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული რამდენიმე სამსახურისთვის გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახალი საოფისე შენობა უნდა აშენდეს, ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. მერია არასწორს უწოდებს ინფორმაციას, რომ თავად მერიის ადმინისტრაციის ადგილის ცვლილება იგეგმება, რადგან მათი განმარტებით, ოფისის ცვლილება მხოლოდ მერიის კონკრეტულ სამსახურებს შეეხებათ.
"საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას იწყებს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მერიის ადმინისტრაცია არსად გადასვლას არ გეგმავს. გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
აქვე განვმარტავთ, თბილისის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობს 63 მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრის განსათავსებელი შენობის, საგენერატოროების და ერთი ოფისის პროექტირება. აღნიშნული შენობა უნდა აშენდეს თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, მუნიციპალური ინსპექცია, თბილისის განვითარების ფონდი და თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახური უნდა განთავსდეს. ზემოთჩამოთვლილი მუნიციპალური უწყებები დღესდღეობით განთავსებულია სხვადასხვა მისამართზე,"- ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია რამდენი მილიონი ლარი დაჯდება ახალი შენობის მშენებლობა.




























