მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მეტროს ახალი ვაგონების მიწოდებას ჩინური CRRC-იც სთავაზობს - ვაგონების რენდერები

თბილისის მეტრო

ჩინურმა კომპანია CRRC-იმ მონაწილეობა მიიღო თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც 97 ახალი მეტროს ვაგონის მიწოდებას ითვალისწინებს. CRRC-ის მოძრავი შემადგენლობა ტენდერში "ჯი-თი ჯგუფმა" წარადგინა, ამასთან შესასყიდ ფასად 393 მილიონი ლარი არის მითითებული.

თბილისის მეტროპოლიტენისთვის ახალი ვაგონების მიწოდების საერთაშორისო ტენდერი გასული წლის ნოემბერში გამოცხადდა. მისი სავარაუდო ღირებულება 616 მილიონ ლარს შეადგენდა, შესაბამისად ჯი-თი ჯგუფის, ანუ CRRC-ის ვაგონების მიწოდების ფასი ტენდერით განსაზღვრულზე 223 მილიონი ლარით ნაკლებია. შესაბამისად, ერთ ვაგონზე ფასი შეადგენს 4 მილიონ ლარს ნაცვლად 6.35 მილიონი ლარისა.

CRRC მეტროს მოძრავი შემადგენლობის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიას აქვს გამოცდილება მეტროს ვაგონების მიწოდების არამხოლოდ ჩინეთის ქალაქებისთვის (ბეიჯინგი, შანჰაი, ჰონკონგი და სხვა), არამედ თურქეთისთვის (ანკარა), არგენტინისთვის (ბუენოს აირესი), ფილიპინებისთვის (მანილა) და შეერთებული შტატებისთვის, სადაც ბოსტონში, ჩიკაგოსა და ლოს-ანჯელესში CRRC-ის ვაგონები მოძრაობენ.

ტენდერში სულ სამი კომპანია მონაწილეობს:

  • ŠKODA TRANSPORTATION a.s. – სიმბოლური ფასი 1 ლარი, რეალური ღირებულება სავარაუდოდ ტექნიკურ დოკუმენტაციაშია მითითებული, რომელიც ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.
  • ჯი-თი ჯგუფი CRRC – 392.8 მილიონი ლარი;
  • ყაზახური კომპანია Kamkor Locomotive – 556 მილიონი ლარი, დოკუმენტაცია არ არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად უცნობია რა სპეციფიკაციის მატარებლების მიწოდებას სთავაზობს კომპანია საქართველოს. BMG-იმ კომპანიას მიმართა კითხვით თუ რომელი მწარმოებლის ვაგონების მიწოდებას სთავაზობენ თბილისის მერიას.

ტენდერის პირობების თანახმად, მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ ვაგონების მიწოდების არანაკლებ სამი ტენდერის გამოცდილება, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 150 მილიონი ევრო უნდა იყოს. ასევე, მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს ყველა აუცილებელი სერტიფიკატი, რაც საქართველოს სარკინიგზო სისტემაში მიმოსვლისთვის არის საჭირო.

ახალი ვაგონების მიღება 2026 წლიდან უნდა დაიწყოს. ამ ეტაპზე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სატენდერო კომისიას წარდგენილ წინადადებებთან დაკავშირებით არ უმსჯელია, შესაბამისად უცნობია, რომელი პრეტენდენტები აკმაყოფილებენ როგორც გამოცდილების, ასევე ტექნიკური პარამეტრების მოთხოვნებს.

ტენდერის თანახმად, მოთხოვნილი ტექნიკური პარამეტრებია:

  • 13 შემადგენლობა, რომელიც 4-ვაგონიანი იქნება;
  • 9 შემადგენლობა, რომელიც 5-ვაგონიანი იქნება.
  • ერთი ვაგონის სიგრძე 18.5-დან 19.5 მეტრამდე უნდა იყოს გადაბმის ჩათვლით;
  • მატარებლების ვაგონები ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს გამჭოლი გასასვლელით, შესაბამისად ერთი ვაგონიდან მეორეში მოძრაობა შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი;
  • ვაგონის სიმაღლე 3.65 მეტრი, სიგანე კი 2.7 მეტრი უნდა იყოს;
  • ვაგონის მგზავრთა ტევადობა მაქსიმუმ 280 მგზავრი უნდა იყოს, რაც 5-ვაგონიან შემადგენლობაზე მაქსიმუმ 1,400 მგზავრია.

CRRC-ის მიერ მომზადებული პროექტის რენდერები:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები