მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ექსპლუატაციაში მიღებულ შენობებში სახანძრო სისტემების შერჩევითი შემოწმება დაიწყო

სახანძრო სისტემები

თბილისის მერიის ინფორმაციით, გამოვლინდა შემთხვევები, როცა კომპანიები შენობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს ქირაობენ და დროებით, შემოწმებისას დადებითი შეფასებისთვის ამონტაჟებენ.

როგორც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი თეიმურაზ ბოლოთაშვილი აცხადებს, ამ კუთხით მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო ექსპლუატაციაში მიღებული შენობა-ნაგებობების შერჩევითი შემოწმება, იმისთვის, რომ დაადგინეს ხომ არ მოიხსნა ამ შენობებში დამონტაჟებული სახანძრო უსაფრთხოების სისტემები. ბოლოთაშვილის თქმით, ჯერჯერობით კონკრეტული რაოდენობის თქმა, სადაც აღნიშნული პრობლემა გამოიკვეთა, რთულია, თუმცა მისი განცხადებით, პირველადი დაკვირვებით დარღვევები ამ კუთხით ექსპლუატაციაში მიღებული შენობების დაახლოებით 10%-შია.

“დაფიქსირდა რამდენიმე სამწუხარო შემთხვევა, რასთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვანი იყო გარკვეულიყო, რა რაოდენობასთან გვაქვს საქმე. ამიტომ დავალება მიიღო მუნიციპალურმა ინსპექციამ და მათ უკვე დაიწყეს შერჩევითი შემოწმება უკვე ექსპლუატაციაში მიღებული შენობების, კონკრეტულად სახანძრო უსაფრთხოების სისტემების არსებობასთან დაკავშირებით, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს.

ახლო მომავალში იქნება უკვე გამოკვეთილი, რა რაოდენობასთან დაკავშირებით არის ეს პრობლემა. თუმცა, პირველადი დაკვირვებით, ეს სავარაუდოდ არ იქნება ექსპლუატაციაში მიღებული შენობების 10%-მდე რაოდენობაში, თუმცა 10%-იც ძალიან მნიშვნელოვანია.", - აღნიშნა თეიმურაზ ბოლოთაშვილმა.

მისივე თქმით, ექსპლუატაციაში მიღებულ შენობაში მნიშვნელოვანია მუდმივად არსებობდეს უსაფრთხოების ის სისტემები, რომელიც ჯამში უზრუნველყოფს ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.

"ეს არის სისტემები, რომელიც ახდენს ხანძრის და კვამლის შემთხვევაში დეტექციას, ეხმარება რომ ხანძარი არ გავრცელდეს და ახდენს ლოკალიზება. მეტ დროს აძლევს, ერთი მხრივ, შენობაში მყოფებს იმისათვის, რომ დატოვონ აღნიშნული შენობა და მეორე მხრივ, საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სახანძრო ჯგუფებისათვის, რათა მივიდნენ, თავიანთი უფლებამოსილება შეასრულონ და ჩააქრონ ხანძარი.

აღნიშნული სისტემების არსებობა მოწმდება მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს და საკმაოდ დეტალურად, და არცერთი ნებართვა არ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არის არსებულ შენობაში დაგეგმილი სახანძრო უსაფრთხოების აქტიური სისტემები (იმ შემთხვევაში, თუ ეს მოითხოვება, რასაკვირველია).

ასევე მუნიციპალური ინსპექცია არც ერთ შენობა-ნაგებობას არ იღებს ექსპლუატაციაში, თუ არ არის აღნიშნული სისტემები პროექტის მიხედვით მოწყობილი, ასევე თუ არ არის გამოცდის აქტები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მუშა მდგომარეობაშია და თავის ფუნქციას ასრულებს.” - აცხადებს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები