მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის რომელ უბანშია სალონური მომსახურება ყველაზე ძვირი? - TBC

სალონი

TBC არხებით მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წელს ადამიანებმა სილამაზის ინდუსტრიაში ჯამში 36 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს - ამის შესახებ TBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში წერია.

განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობითა და დანახარჯებით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილებს ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი ინაწილებენ. თბილისის სტატისტიკა კი უბნების მიხედვით ასეთია: პირველ ადგილზე ვაკეა, შემდეგზე საბურთალო, ვაჟა-ფშაველას კვარტლები, დიდი დიღომი, გლდანი, ჩუღურეთი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ტრანზაქციების რაოდენობა ყველაზე დიდი ვაკეშია, TBC ასკვნის, რომ ყველაზე ძვირი სალონური მომსახურება მთაწმინდაზეა. შესაბამისად, კვლევის ავტორი სწორედ ამ უბანს ურჩევს ინვესტირებისთვის ბიზნესის დაწყების მსურველებს.

„საინტერესო ინსაითები დავინახეთ მთაწმინდის რაიონში, სადაც ტრანზაქციების რაოდენობა არის 13 ათასზე მეტი, ხოლო საერთო დახარჯული თანხა თითქმის მილიონ ნახევარი. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ უბანში სილამაზის სალონებში მომსახურების ტარიფები საკმაოდ მაღალია. თუ ვინმეს ბიზნესის ან გაფართოება ან სულაც დაწყება სურს, მთაწმინდის რაიონში ინვესტირება ნამდვილად მოგებიანი იქნება“ - წერია კვლევაში.

თიბისის მონაცემთა ანალიზის გუნდმა სილამაზის სალონებში ტრანზაქციების დინამიკა საათების ჭრილშიც შემოგვთავაზა. როგორც გაირკვა, სილამაზის ინდუსტრიასაც აქვს პიკური საათები, დღის 14:00 სთ-დან 18:00-მდე.

რაც შეეხება დღეებს, სილამაზის სალონებში ადამიანები უფრო მეტად პარასკევს და შაბათ-კვირას დადიან, ვიზიტების რაოდენობით შაბათი კვირის დანარჩენ დღეებს ყველას უსწრებს. ყველაზე ნაკლები ადამიანი კი სალონებს ორშაბათს სტუმრობს.

ცნობისთვის, თიბისიმ ყველა იმ სალონის (სულ 721 სალონი) მონაცემები გააანალიზა, სადაც 2023 წელს მომხმარებლებმა თიბისის ტერმინალით გადაიხადეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები