მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ნაძალადევში მეტროს ვაგონების ახალი დეპოს მშენებლობისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა

მეტრო

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ იწყებს ბაზრის კვლევას ნაძალადევის რაიონში ახალი მეტროპოლიტენის დეპოს პროექტირებისა და მშენებლობისთვის, რომელიც დაგეგმილია Design-Build (DB) ფორმატით განხორციელდეს. კომპანიამ დაინტერესებულ მწარმოებლებსა და მომსახურების მიწოდებლებს უკვე მიმართა, რომ შეისწავლონ დადგენილი ტექნიკური მოთხოვნები და წარმოადგინონ კომერციული წინადადებები.

ბაზრის კვლევის მიხედვით, შემომთავაზებელ კომპანიებს მოეთხოვებათ როგორც პროექტირების, ასევე ანალოგიური მასშტაბის ინფრასტრუქტურის მშენებლობის გამოცდილება. პრეტენდენტს 2010 წლის შემდეგ უნდა ჰქონდეს არანაკლებ სამი მსგავსი პროექტის შესრულების გამოცდილება, მათ შორის – ერთი ახალი მეტროს დეპოს დაპროექტება და ერთი – მისი აშენება.

ფინანსური მოთხოვნების მიხედვით, კომპანიებს ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 50 მილიონი დოლარის ბრუნვა, რაც უნდა დასტურდებოდეს საერთაშორისო ქსელის წევრი აუდიტორის მიერ შემოწმებული ანგარიშგებებით.

დოკუმენტაცია ასევე ითვალისწინებს ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებულ წესებს, შეფასებისა და ექსპერტიზების ჩატარებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, მშენებლობის და პროექტირების ვადებსა და საბანკო გარანტიების წარმოდგენას. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები არ უნდა სცდებოდეს ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დადგენილ საბოლოო ფასს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ავანსის სახით კონტრაქტორისთვის ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის გადახდას გეგმავს, შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის პირობით. პროექტის ეტაპობრივი შესრულება მოიცავს კონცეპტუალური პროექტის მომზადებას 3 თვეში, დეტალური პროექტის შეთანხმებას 9 თვეში და სამშენებლო სამუშაოების დასრულებას 18 თვეში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახალ დეპოს სავარაუდოდ ახალი ვაგონების მომსახურების მიზნითაც ააშენებს. 2025 წლის ივლისში თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ კომპანია "ჯი-თი ჯგუფთან" 150 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი გააფორმა, რომლითაც კომპანია თბილისს ჩინური მწარმოებლის CRRC-ის 111 ახალ მეტროს ვაგონს მიაწვდის. პროექტი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ ფინანსდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები