მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება - იმუშავებს 54 ბაღი

საბავშვო ბაღი

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარე წელს ივლისის განმავლობაში 54 საზაფხულო ბაღი იფუნქციონირებს, რომლებიც 19 500-მდე ბავშვის მიღებას შეძლებს.

სასწავლო წელი ბაღებში 30 ივნისს სრულდება, საზაფხულო ბაღები კი მუშაობას 1-ელი ივლისიდან დაიწყებენ. რეგისტრაციის პროცედურა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე იქნება შასაძლებელი, სადაც საზაფხულო ბაღების სრული სიაც არის ხელმისაწვდომი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სოციალური პროექტით სარგებლობა შეუძლიათ დედაქალაქის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს. მათ შორის იმ ბავშვებსაც, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს ასრულებენ ბაღს და სექტემბერში სკოლაში მიდიან.

კახა კალაძის განმარტებით, პროექტზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია, რადგან დასაქმებული მშობლების დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს. მერმა ასევე აღნიშნა, რომ საზაფხულო ბაღების მუშაობა ფინანსურად მომგებიანია თავად ბაღის პერსონალისთვისაც.

„პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. საზაფხულო ბაღებში წელს 3 900 თანამშრომელი იმუშავებს“, - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები