თბილისის 51-კილომეტრიანი შემოვლითი მაგისტრალის დაფინანსებასთან დაკავშირებით მთავრობა მოლაპარაკებას ერთ-ერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან მართავს - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა პარლამენტში მოსმენაზე განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ინსტიტუტთან. ამასთან, გიორგობიანი მოელის, რომ გზშ დოკუმენტაციის დამტკიცების გათვალისწინებით ახალი გზის პროექტი საბოლოოდ მიმდინარე წლის ბოლომდე დამტკიცდება.
"ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ამ წლის ბოლომდე იქნება საბოლოო პროექტი დამტკიცებული, რომელიც დაყოფილია ლოტებად. ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებები საჭიროა თბილისის შემოვლითი გზის მეოთხე და მეხუთე ლოტებზე. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს სამუშაოები ფინანსთა სამინისტროსთან დამატებითი სახსრების მობილიზაციაზე, ასევე, ერთ-ერთ განვითარების პარტნიორთან პროექტის განსახორციელებლად უკვე მოსამზადებელი სამუშაოებია და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს უკვე აქტიურად შეგვეძლება ღონისძიებების დაწყება,"- აცხადებს გიორგობიანი.
მაგისტრალის მთლიანი ღირებულება წინასწარი შეფასებით, ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს. კომპანია Anas International Enterprise-ის მიერ მომზადებული შეფასებიდან ცნობილი ხდება, რომ თბილისის 51-კილომეტრიანი შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობა, სავარაუდოდ, 520 მილიონი დოლარი დაჯდება.
პროექტი რამდენიმე ლოტის მშენებლობას მოიცავს, რომელთაგან ყველაზე გრძელი და ძვირად ღირებული მესამე ლოტია, რაც ავაჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი გზის გაყვანას ითვალისწინებს. აღნიშნული ლოტის მშენებლობა 300 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ეს გზა მეტწილად ყოფილი შემოვლითი რკინიგზის ტერიტორიაზე გაივლის და მის 4 გვირაბს (საერთო სიგრძე 3.6 კმ) და არსებულ ხიდს (სიგრძე 921 მეტრი) გამოიყენებს. ამასთან, პროექტისთვის საჭირო იქნება 4 ახალი გვირაბის მშენებლობა 3.8 კილომეტრის სიგრძით და ავჭალის ხიდის პარალელურად, ახალი 928 მეტრის სიგრძის აგება.
რაც შეეხება სხვა მონაკვეთებს, ღირებულებით მეორე ადგილზეა წიწამური-ავჭალის 6.5-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ორი პარალელური 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას ითვალისწინებს. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 150 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
შემოვლითი მაგისტრალის აეროპორტი-ლოჭინის უბნის სიგრძე 10.4 კილომეტრი იქნება და მისი მშენებლობა 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ლოჭინი-რუსთავის გზის მონაკვეთის საპროექტო სიგრძე 11 კილომეტრია და მისი მშენებლობა 70 მილიონი დოლარი უნდა დაჯდეს.
მთლიანობაში 51-კილომეტრიანი მაგისტრალი მოიცავს 48 ხიდის მშენებლობას, რომელთა საერთო სიგრძე 11.6 კილომეტრი იქნება, ასევე 6 ახალი გვირაბის მშენებლობას, რომელთა საერთო სიგრძეც 10.7 კილომეტრს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ გზის ოთხივე ლოტთან დაკავშირებით 2024 წლიდან მიმდინარეობს გზშ პროცედურები. გაზაფხულზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გზის მეორე ლოტი - ავჭალა წიწამურის გზის მონაკვეთი დაახარვეზა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო გარემოება, რომ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული საკადასტრო კოდი, სადაც გვირაბების გაყვანით მთიდან გამოტანილი 434,935 მეტრ კუბი მიწა უნდა განთავსდეს, არ იძებნება. შესაბამისად, საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიეცა ორთვიანი ვადა, რომ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები გასწორდეს.