მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თბილისის ტრამვაის დაბრუნება მგზავრთა მომსახურების ხარისხს ახალ საფეხურზე გადაიყვანს” - ასმათ აბესაძე

625d9a4a4748d
მარიამ ადამია
18.04.22 21:42
7553
დღეისთვის თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკი განახლებულია. ავტობუსების პარკის საშუალო სასიცოცხლო ციკლი შვიდი წელია. ეს იმას ნიშნავს, რომ 5-7 წლის შემდეგ დავდგებით იმავე პრობლემის წინაშე, რაც სულ ცოტა ხნის წინ მოგვარდა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკი ისევ ერთიანად მოძველდება და ჩასანაცვლებელი გახდება.

როგორც “სისტრას” წარმომადგენელი, ასმათ აბესაძე ამბობს, ამგვარი მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად ახლავე უნდა დაიწყოს საავტობუსე პარკის შემდგომი განახლების გეგმის შემუშავება და, გაზრდილი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, მგზავრთა მასობრივი გადაყვანის შესაძლებლობის შექმნა.

“ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავალი თბილისის ტრამვაის დაბრუნება იქნება, რაც მგზავრთა მომსახურების ხარისხს სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს. ტრამვაით მგზავრთა გადაყვანა განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის მგზავრებისათვის. მომავალი კი ელექტროტრანსპორტისაა, ტრამვაი და ელექტროავტობუსები კი, ჩემი ღრმა რწმენით, თბილისის მომავალია”, - აღნიშნავს ასმათ აბესაძე.

მისივე თქმით, მოწესრიგებული და კარგად განვითარებული სატრანსპორტო მომსახურება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონებში მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის გასაზრდელად, ისე ტურიზმის შემდგომი განვითარებისათვისაც.

“ჩვენი ქვეყნის სტუმრებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, საქართველოს ნებისმიერ წერტილში იმგზავრონ და მგზავრობა ციფრული სერვისების გამოყენებით დაგეგმონ, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, უსაფრთხოდ და კომფორტულად. თბილისის, რუსთავისა და ბათუმის გარდა, საქართველოს ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი და მომსახურება პრაქტიკულად არ არსებობს. საქართველოს მცირე ქალაქებში, რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში მოსახლეობა ძირითადად კერძო მიკროავტობუსებით და კერძო ტრანსპორტით გადაადგილდება, რადგან მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურება ფრაგმენტული და არაკომფორტულია, არ არის მორგებული მოსახლეობის რეალურ მოთხოვნაზე” - ამბობს “სისტრას” წარმომადგენელი.

ფოტოს ავტორი: კახა მჭედლიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები