მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ტრანსპორტის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა - ვიქტორ წილოსანი

მერია

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის ვიქტორ წილოსანის ინფორმაციით, დანიურმა კომპანია „რამბოლმა“ თბილისის ტრანსპორტის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

„ტრანსპორტის გენერალური გეგმა წელს ჩაგვბარდა“, - თქვა ვიქტორ წილოსანმა და ისიც აღნიშნა, რომ ვადების დაგვიანების გამო, თბილისის მთავრობას დანიურ კომპანიასთან შენიშვნები ჰქონდა.

მისივე ინფორმაციით, ტრანსპორტის გენერალური გეგმა საჯაროა და ის BMG-მ უკვე გამოითხოვა. ვიქტორ წილოსანი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, „რამბოლის“ მიერ მომზადებულ ტრანსპორტის გენერალურ გეგმასთან თანხვედრაშია.

- ეს არის გრძელვადიანი ხედვა, თუ რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა განვითარდეს; რასაც ვაკეთებთ, უნდა გაგრძელდეს.

- რა წერია ტრანსპორტის გენერალურ გეგმაში ტრამვაის განვითარებასთან დაკავშირებით?

- ტრამვაიზე ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ - დღეის მდგომარეობით, ჩვენ არ გვყავს იმ რაოდენობის მგზავრთნაკადი, რომ 10 სწრაფი დერეფნის (ავტობუსის ზოლები) შექმნის დასრულებისა და 18-მეტრიანი ავტობუსების ამოძრავების შემდეგ, არსებული მგზავრთნაკადი ვერ გავატაროთ; თუმცა თუ გვინდა, რომ ტრამვაი გაკეთდეს, ბუნებრივია, მას სჭირდება შესაბამისი გამოყოფილი ზოლი. ამდენად, ჩათვალეთ, რომ ავტობუსის ზოლი, რომელსაც ახლა ვქმნით, არის ტრამვაისთვის გამოყოფილი ზოლი. ამდენად, თუ მომავალში მგზავრთნაკადი ისე გაიზრდება, რომ 18-მეტრიანი ავტობუსები საკმარისი არ იქნება, შეგვეძლება, იმ დერეფანში ლიანდაგები დავაგოთ და ტრამვაიმ იმოძრაოს.

თბილისის მერიამ დანიურ კომპანია „რამბოლს“ დედაქალაქის ტრანსპორტის გენერალური გეგმის მომზადება 2019 წელს დაუკვეთა. „განსხვავება ფრანგულ კომპანია „სისტრას“ და დანიურ კომპანია „რამბოლის“ სამუშაოებს შორის არის ის, რომ „სისტრა“ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების დაგეგმარებას ითვალისწინებს, ხოლო „რამბოლი“ სტრატეგიულ დოკუმენტზე (ტრანსპორტის გენერალური გეგმა) იმუშავებს და და ქალაქში მოძრავ ყველანაირ ტრანსპორტს მოიცავს. დოკუმენტი ხელს შეუწყობს დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვას და ტრანსპორტისთვის სწორი მოძრაობა შემუშავდება", - აცხადებდა კახა კალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები