მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ცენტრში "დიენთი ჯგუფმა" ახალი ბუტიკური სასტუმრო Monday გახსნა

სასტუმრო მანდეი

„დიენთი ჯგუფმა" თბილისის ცენტრში კიდევ ერთი ბუტიკური ტიპის სასტუმრო - Monday საზეიმოდ გახსნა. 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო 50 ნომერს აერთიანებს და ჯამურად 150-მდე სტუმრის მასპინძლობა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ პროექტი სრულად უცხოური ინვესტიციით განხორციელდა და მისი ჯამური ბიუჯეტი 7 მლნ დოლარს შეადგენს.

როგორც „დიენთი ჯგუფის“ თანადამფუძნებელი, დავით მესხი გადაცემა "საქმიან დილაში" აცხადებს, სასტუმრო Monday-ში ვიზიტორებს ძირითადად ევროპული, პოსტსაბჭოთა და არაბული ქვეყნებიდან ელიან.

"სასტუმროს კლასიდან და სერვისებიდან გამომდინარე, ძირითადი აქცენტი ბიზნეს სტუმრებზე გვაქვს. ამისთვის გაწერილი გვაქვს მარკეტინგული სტრატეგიაც.

რაც შეეხება ფასებს, ამ კუთხით ძალიან მეგობრულები ვართ. ჩვენთან ფასები 60$-დან იწყება და 120$-ზე ადის. წლის ბოლომდე საშუალოდ 60%-იან დატვირთვას ველოდებით", - აღნიშნა დავით მესხმა.

აღსანიშნავია, რომ "დიენთი ჯგუფის" პორტფელში ამ დროისათვის უკვე 13 პროექტი, აქედან 7 მიმდინარე პროექტია.

""დიენთი ჯგუფის" საქმიანობაში შედის სასტუმროების მომზადება გახსნისთვის, სასტუმროს დაგეგმარება, აუთსორს გაყიდვები და სასტუმროს სრული მართვა. სრული მართვის შემთხვევაში 2 ტიპის სქემა გვაქვს, ეს გახლავთ ყოველთვიური სასტუმროს იჯარით აღება და მეორე შემთხვევა, როდესაც მოგების გაყოფა ხდება", - განაცხადა დავით მესხმა.

"დიენთი ჯგუფის" კიდევ ერთი თანადამფუძნებელი, ნინო ლომიძე ამბობს, რომ სასტუმრო Monday მათი ბოლო მიმდინარე პროექტია.

„სასტუმროში 50 სხვადასხვა ტიპისა და კატეგორიის ნომერია განთავსებული, ბიუჯეტური ნომრით დაწყებული, ბიზნეს კატეგორიის ნომრით დამთავრებული. Monday-ს უპირატესობა ისაა, რომ ძველ უბანშია განთავსებული, მარჯანიშვილის მოედანთან ძალიან ახლოს. ლოკაცია ხელს უწყობს, რომ სასტუმროდან არაჩვეულებრივი ხედები იშლებოდეს,“ - განაცხადა ლომიძემ და დასძინა, რომ გეგმაში ახალი პროექტებიც არის.

„დიენთი ჯგუფის“ მესამე თანადამფუძნებელი, თათა ღოთვაძე კომპანიის შემოსავლებზე საუბრობს. მისი თქმით, 2023 წელს შემოსავლებმა 2022 წელთან შედარებით იკლო.

„მნიშვნელოვნად იკლო შემოსავლებმა, რადგან თბილისს არაერთი განთავსების ობიექტი დაემატა. ციფრებში რომ ვისაუბროთ, კლება 15%-იანი იყო. მიწოდება მოთხოვნას აღემატებოდა. მაგრამ, ამ რთულ პერიოდს საკმაოდ კარგად გავუმკლავდით და 2024 წელს ვფიქრობთ, რომ საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებით დავხურავთ,“- ამბობს ღოთვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები