თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი ჩატარდა, სახელწოდებით: "იაპონური ბიზნესი საქართველოში - ხიდი შუა დერეფნისკენ".
ბიზნესფორუმის ფარგლებში რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს; განიხილეს საქართველოს საინვესტიციო გარემო და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განახლებადი ენერგიებისა და ლოგისტიკური მიმართულებით. კონფერენციაზე ხაზი გაესვა საქართველოს მზარდ როლს საერთაშორისო გადაზიდვებსა და მიწოდების ჯაჭვებში.
BM.GE დაინტერესდა, როგორია ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის.
ვაჭრობა
2025 წლის იანვარ-დეკემბერში ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ 370.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 33.8%-ით ნაკლებია 2024 წლის 12 თვის მაჩვენებელზე.
2025 წლის განმავლობაში იაპონიაში ექსპორტმა 4.26 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტი კი 366.1 მლნ აშშ დოლარი იყო.
2025 წლის 12 თვეში საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებული TOP-5 პროდუქტი:
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $1.1 მლნ;
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $948 ათასი;
- დაუმუშავებელი ალუმინი- $780.3 ათასი;
- ნაყოფები - $609.4 ათასი;
- ნარჩენები და სპილენძის ჯართი - $336.2 ათასი.
2025 წლის 12 თვეში იაპონიიდან იმპორტირებული TOP-5 პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - $331.4 მლნ;
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - $5.6 მლნ;
- სპეციალური დანიშნულების ავტომობილები - $5.2 მლნ;
- სატვირთო ავტომობილები - $4.1 მლნ;
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, აღდგენილი ან ნახმარი - $3.3 მლნ.
საქსტატის მონაცემებით, ასევე ცნობილია საქართველო-იაპონიას შორის ბრუნვის მოცულობა 2026 წლის იანვარშიც, რამაც 21 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
FDI
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს იაპონიიდან საქართველოში 63.95 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, თითქმის 6 მლნ აშშ დოლარით ნაკლები, ვიდრე 2023-ში.
რაც შეეხება 2025 წლის კვარტალურ მონაცემებს, მესამე კვარტალში იაპონიიდან FDI-მ 19.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე და პირველ კვარტალებში კი ინვესტიციების გადინება დაფიქსირდა, შესაბამისად, -$7.1 მლნ და -$37.9 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.
ტურიზმი
2025 წელს იაპონიიდან საქართველოს 9 474 მოქალაქე სტუმრობდა, რაც 2024 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 49%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ფულადი გზავნილები
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში იაპონიიდან ფულადმა გზავნილებმა 16.4 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. 2025 წელს კი ამ ქვეყნიდან საქართველოში 352 ათასი დოლარი გადმოირიცხა.




























