ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიციის განმახორციელებელი კომპანია Emaar თბილისსა და გონიოში პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დაიწყებს. ამის შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი Emaar Properties/Eagle Hills - ის დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს მოჰამედ ალაბარს შეხვდა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა Emaar - თან მოლაპარაკებას დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა.
„დაიწყება პროექტების განვითარების მეორე ფაზა, რომლის ფარგლებში კომპანია დააფუძნებს წარმომადგენლობას საქართველოში. შემდეგ, მოხდება მუშაობა გენერალურ გეგმარებასა და სანებართვო პირობებზე. ვფიქრობთ, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დაიწყება სამუშაოები ორივე ლოკაციაზე“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ადგილზე გაეცნო საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანიების Emaar Properties - ის და Eagle Hills-ის განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. კომპანია Emaar Properties - ის დამფუძნებლის მოჰამედ ალაბარის მიერ დაფუძნებული კომპანია Eagle Hills-ი, რომელიც შექმნილია მასშტაბური საერთაშორისო პროექტებისთვის, საქართველოში უძრავი ქონებისა და ტურისტულ სექტორებში რეკორდულ ინვესტიციას განახორციელებს 6 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, Emaar - ი და Eagle Hills მსოფლიოს 15 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ინვესტიციას ახორციელებს, მისი პოლიტიკაა, მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსები. მისი თქმით, შედეგად, როგორც სამშენებლო, ასევე არქიტექტურული და ურბანული მიმართულებით, კომპანიის საერთაშორისო კლასის სპეციალისტებთან ერთად, აქტიურად იქნებიან ჩართულები ადგილობრივი პროფესიონალები და კომპანიები, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება საქართველოს ეკონომიკაში.
„ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ე.წ. ხარისხიანი ინვესტიციების შემოსვლაზე. ამჯერად შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის ხარისხიანი ინვესტიცია, როდესაც ფინანსურ ნაკადთან ერთად შემოდის მაღალი კლასის კვალიფიკაცია, გამოცდილება, ახალი ტექნოლოგიები და სხვ,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.