მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში $3 მლნ-ის ინვესტიციით ყველის ქარხანა „კალტი“ იხსნება - გეგმები

63c6b56252893
ვიქტორია მღებრიშვილი
17.01.23 18:40
5241
თბილისში, ლილოს დასახლებაში მიმდინარე წლის თებერვლიდან ყველის ახალი საწარმო გაიხსნება.

კომპანია „კალტის“ დამფუძნებელი ნიკა ზაუტაშვილი, რომელიც ასევე „მტევინოს“ დამფუძნებელია BM.GE-სთან ამბობს, რომ ახალი მიმართულებით ბიზნესის განვითარების გადაწყვეტილება ბაზრის მოკვლევის შემდეგ გადაწყვიტეს. მისი თქმით, ამ კუთხით ადგილობრივ ბაზარზე ძალიან დიდი ნიშა არსებობს.

ქარხნის მოწყობისა და ამოქმედებისთვის კომპანიამ „აწარმოე საქართველოს“ სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამით 3 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო. 4 000 კვ.მ.-ზე განთავსებული მეურნეობა საოფისე სივრცეს, წარმოებას და სამაცივრე მეურნეობას აერთიანებს. საერთო ჯამში ქარხანაში 37 ადამიანი დასაქმდება, რომელთა საშუალო ხელფასი 1 700 ლარი იქნება.

„საწარმო თავიდან ბოლომდე თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი. მისი დღიური წარმადობა 15 ტონა ყველის გამოშვებაა. სულ ჯამში 8 დასახელების ქართული და უცხოური ყველი იწარმოება. ქარხნის ამოქმედება თებერვლის ბოლოს იგეგმება.

ამ მიმართულებით ბიზნესის წარმოების დაწყებამდე ადგილობრივი ბაზარი შევისწავლეთ და დავინახეთ, რომ საკმაოდ დიდი ნიშა არსებობს. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ყველი 100%-ით ნედლი რძისგან ვაწარმოოთ, თუმცა პროგნოზების გაკეთება გვიჭირს. თუ იქნება ნედლი რძის ის რაოდენობები ბაზარზე, რომელიც ჩვენს წარმოებას სჭირდება, მაშინ ჩვენი პროდუქტი 100%-ით ნედლი რძით იქნება წარმოებული. ამიტომ რძის მოწოდების შესახებ უკვე გვაქვს რამდენიმე ფერმასთან შეთანხმება“, - ამბობს „კალტის“ დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, „კალტის“ ბრენდით წარმოებული ყველის 60% ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, დანარჩენი 40% კი ექსპორტზე გავა. „რამდენიმე ქვეყანასთან კომუნიკაცია უკვე გვაქვს და მუშაობა ამ მიმართულებით მიმდინარეობს. პროდუქტის გამოშვების შემდეგ ეს კონტრაქტები გაფორმდება და ექსპორტიც განხორციელდება“, - უთხრა BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა.

„კალტის“ და „მტევინოს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ საქართველოში ბიზნესის განვითარების მიმართულებით ძალიან კარგი მდგომარეობაა და მთავრობა ბიზნესს სასათბურე პირობებს უქმნის.

„დღეს საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით ძალიან კარგი მდგომარეობაა. ჩვენი მთავრობა ბიზნესმენებს სასათბურე პირობებს უქმნის. ყველა მიმართულებით არსებობს ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები, ამასთან სხვა ქვეყნებთან ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობები ბიზნესზე დადებითად აისახება და ექსპორტის კუთხით განვითარების საშუალებას გვაძლევს“, - აღნიშნავს ზაუტაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები