მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ახალი ალტერნატიული საგანმანათლებლო სკოლა “გობი” გაიხსნა - რას სთავაზობს დაინტერესებულებს?

გობი

თბილისში ახალი ალტერნატიული საგანმანათლებლო სკოლა “გობი” გაიხსნა. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ სკოლის მენტორებმა, ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა და მუსიკოსმა, მიშა მდინარაძემ ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ “გობი” - "არტარეას" ალტერნატიული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს ლიტერატურას, მუსიკას, ხელოვნებას, ისტორიას, მეცნიერებას შეასწავლის და როგორც სკოლის წარმომადგენლები ამბობენ, ყველაზე მნიშვნელოვანს, ემპათიას აღუძრავს.

ირაკლი ხვადაგიანი ეთერში ამბობს, რომ არაფორმალური განათლების ინიციატივები საქართველოში დიდი ხანია ვითარდება და სწორედ ეს ქმნის საფუძველს მსგავსი ალტერნატიული სკოლებისთვის.

„რაც არ უნდა იდეალური იყოს ფორმალური საგანმანათლებლო სისტემა, ის თანამედროვე სამყაროს სისწრაფეს ვერ ეწევა. ყოველთვის არსებობს სივრცე, სადაც პროფესიონალთა გუნდს შეუძლია საზოგადოებას შესთავაზოს ღირებული, შინაარსობრივი კურსები“, - აღნიშნა ისტორიკოსმა.

მისივე თქმით, “გობი” არ გახლავთ მხოლოდ ცოდნის გადაცემის სივრცე. ეს არის შესაძლებლობა დაინტერესებული ადამიანისთვის, განსაზღვროს საკუთარი ადგილი სამყაროში, გააანალიზოს თავისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებები და კარიერული თუ პიროვნული განვითარების გზები.

მუსიკოსი მიშა მდინარაძე აცხადებს, რომ “გობი” ყველასთვისაა - მოზარდებისთვისაც და ზრდასრულებისთვისაც, ვისაც სურვილი აქვს თავისუფალ, შინაარსობრივ გარემოში ისწავლოს ის, რაც აინტერესებს.

„ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ თემი - ერთობა, რომელსაც განსხვავებული ხედვა ექნება. განათლების სისტემამ მოქალაქეებს პასუხისმგებლობის გრძნობა დაუკარგა. ვფიქრობ, რომ თავისუფალი საგანმანათლებლო სივრცეები არის გადარჩენის შანსი, რათა არ გავიმეოროთ შეცდომები, რომლებიც უკვე დავუშვით“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე ინფორმაციით, ჯგუფების დაკომპლექტება უკვე დაწყებულია. სასწავლო ჯგუფები სამ კატეგორიად იყოფა და 12 წლიდან ყველა დაინტერესებულს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ სკოლაში ისწავლოს: “ დაწყებულია ჯგუფების დაკომპლექტება. თითოეულ ჯგუფში არაუმეტეს 15 ბავშვის იქნება. ასაკობრივი ჯგუფი არის სამ კატეგორიად დაყოფილი, 12-14 წლის, 15-17 წლის და 18+ წლის”, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები