მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ავარიულ სახლებს „ბიქეი კონსთრაქშენი“ ჩაანაცვლებს - ბიუჯეტი ₾6 მლნ-ია

63199ecd94500
ვიქტორია მღებრიშვილი
08.09.22 11:42
9563
სამგორის რაიონში, თბილისის მერიის მიერ დაანონსებულ ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული კორპუსის საპილოტე პროექტს სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ბიქეი კონსთრაქშენი“ განახორციელებს.

როგორც თბილისის მერიის მთავრობის სხდომის დაწყებამდე მერმა კახა კალაძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა და გამარჯვებული სწორედ „ბიქეი კონსთრაქშენი“ გახდა. დედაქალაქის მერმა პროექტის ღირებულებასა და მისი შესრულების ვადებზეც ისაუბრა.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების კონკრეტული საპილოტე პროექტის ტენდერი შედგა. მასში ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა და ვაჭრობის შედეგად ფასმა 260 000 ლარით დაიკლო. ვაჭრობაში მინიმალური ფასი შპს „ბიქეი კონსთრაქშენმა“ დააფიქსირა. გამოცხადებული ფასი იყო 6 480 330 ლარი, შემოთავაზებული ფასია - 6 199 330 ლარი. სამგორის რაიონში მდებარე მეოთხე კატეგორიის ავარიულობის შენობა იქნება პროგრამის პირველი მონაწილე, რომლის დემონტაჟი მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება. ჩვენ მოვახდენთ მის დემონტაჟს და ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაიწყებს პროექტის განხორციელებას. კორპუსის დემონტაჟის და სამშენებლო სამუშაოების მთლიან ხარჯებს ჩვენ ვიღებთ. სამუშაოები მომდევნო 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში 36 ოჯახი დაკმაყოფილდება, რომელიც მუნიციპალიტეტს ქირით ჰყავს გაყვანილი“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ საპილოტე პროექტის პარალელურად მერია 12 ავარიული კორპუსის პროექტს ავითარებს.

„ამ საპილოტე პროექტის პარალელურად, მერია ამუშავებს დამატებით 12 ავარიული კორპუსის პროექტს. გამგეობები მოლაპარაკებებს აწარმოებენ კიდევ ათეულობით კორპუსის მოსახლეობასთან. მინდა მოსახლეობას თხოვნით მივმართო - თქვენი მხარდაჭერა, ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელებაში. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ადგილობრივების მხრიდან უფრო მეტი ფართის მოთხოვნა ხდება, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ, ერთი ერთში მოგცეთ ის ფართი, რასაც ფლობთ და ერთ სანტიმეტრს არ დაკარგავთ. რაც მთავარია, სრულიად ახალ, გარემონტებულ ბინებში შეხვალთ. ითანამშრომლეთ ჩვენთან, რადგან ეს ყველაფერი თქვენი ნორმალურ პირობებში ცხოვრებისა და უსაფრთხოებისთვის კეთდება. რომ არა ეს პრობლემა, რაც მოლაპარაკებების პროცესში გაჩნდა, რომ ადამიანები იმაზე მეტ ფართს ითხოვენ, ვიდრე აქვთ, ერთი საპილოტე კი არა, 10 პროექტი გვექნებოდა უკვე მზად.

ასე რომ, მიმდინარე წელი იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. გაძლევთ პირობას, რომ მომდევნო წლებში საკმაოდ დიდი მასშტაბი ექნება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამას და მის ფარგლებში მუნიციპალიტეტი დედაქალაქში არაერთ ავარიულ კორპუსს ჩაანაცვლებს.

ასევე, ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ მთლიანი სამშენებლო ღირებულებიდან ნამატი ფართებით გასტუმრებული იქნება 5 407 987 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ასანაზღაურებელია 791 343 ლარი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა სხდომაზე აღნიშნული კორპუსების ზუსტი სტანდარტული ვიზუალი წარმოადგინა, რომელიც ქართველი არქიტექტორების მიერ შემუშავდა და რომლითაც ავარიული შენობების ჩანაცვლება მოხდება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები