მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ძველი ბინების გაყიდვები შემცირდა - თიბისი კაპიტალი

ძველი კორპუსები

თბილისში, გასულ თვეს 681 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 15%-ით ჩამორჩება წინა თვის მაჩვენებელს. თუმცა, წლიურ ჭრილში 31%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვების რაოდენობა 2,655-ს გაუტოლდა და ივნისთან შედარებით 8%-ით შემცირდა. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებითაც კლება დაფიქსირდა (-7%). იქიდან გამომდინარე, რომ თვიურ ჭრილში ახალი ბინების გაყიდვებმა უფრო მეტად იკლო, მათი წილი მთლიან გაყიდვებში 20%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება ფასს, საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად გაიზარდა როგორც ახალი (+29%), ისე ძველი (+22) ბინების შემთხვევაში. თვიურ ჭრილში კი, ახალ ბინებში ფასმა 3%-ით იკლო, ხოლო ძველი ბინების შემთხვევაში, ფაქტობრივად უცვლელი დარჩა და უმნიშვნელოდ 1%-ით გაიზარდა.

„გასაყიდი ფასი $1,164-ს გაუტოლდა და წინა თვესთან შედარებით ფაქტობრივად უცვლელი დარჩა. წლიურ ჭრილში კი 22%-იანი ზრდა დაფიქსირდა. თვიურ ჭრილში ტრანზაქციების შემცირების ფონზე, ბაზრის მოცულობამ ივნისთან შედარებით 9%-ით იკლო და $255 მილიონი შეადგინა. წლიურ ჭრილში კი 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - წერს თიბისი კაპიტალი.

საინტერესოა ასევე, რა ფართობის ბინების გაყიდვები ჭარბობს. თიბისი კაპიტალის მიხედვით, 2023 წლის ივლისში 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინების გაყიდვების წილმა სრულ ტრანზაქციებში 41% დაიკავა (-1 პპ, თ/თ). 50-კვ.მ-მდე ბინების წილმა კი 26% შეადგინა. მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 12% შეადგინა, რაც 4 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.

საერთო ჯამში 2023 წლის ივლისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობამ, წინა თვესთან შედარებით, იკლო, მაგრამ თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდა და 3,336 შეადგინა, რაც წინა თვეს დაახლოებით 8%- ით ჩამორჩება. მცირედი კლება (-2%) დაფიქსირდა წლიურ ჭრილშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები