მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში ინგოროყვას და სულხან-საბას ქუჩებზე ისტორიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციის ₾83-მილიონიანი ტენდერები გამოცხადდა

რეაბილიტაცია

თბილისის მერიის დაფუძნებულმა „თბილისის განვითარების ფონდმა“ პავლე ინგოროყვას, ლეონიძისა და სულხან-საბას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობებისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ერთდროულად რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება 82.6 მლნ ლარს აღწევს.

ტენდერების მიხედვით, სამუშაოები მოიცავს როგორც შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო პროცესებს, ასევე კომუნიკაციების მოწესრიგებას. პროექტების განხორციელების ვადა ძირითადად 18 თვემდეა გათვალისწინებული, ხოლო ინდივიდუალურ შემთხვევაში – 6 თვემდე.

გამოცხადებული ტენდერები:

  • 22.0 მლნ ლარი – სულხან-საბას N2/გ. ლეონიძის N7, N4 და N6-ში მდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები (NAT250015429);
  • 16.1 მლნ ლარი – ინგოროყვას N1/გ. ლეონიძის N9, N2/გ. ლეონიძის N11 და N4-ის რეაბილიტაცია (NAT250015613);
  • 13.2 მლნ ლარი – სულხან-საბას N5, N7 და N9-ში არსებული შენობების რეაბილიტაცია (NAT250015432);
  • 11.6 მლნ ლარი – ინგოროყვას N3 და N6-ის რეაბილიტაცია (NAT250015614);
  • 7.9 მლნ ლარი – ინგოროყვას N7 (კოშკი), N12 და N14-ის რეაბილიტაცია (NAT250015615);
  • 6.9 მლნ ლარი – სულხან-საბას N1/გ. ლეონიძის N5 და N3-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები (NAT250015307);
  • 4.6 მლნ ლარი – საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია ინგოროყვასა და სულხან-საბას ქუჩებზე (NAT250014035).

შესყიდვების ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც შენობების კონსტრუქციული გამაგრება და აღდგენა, ისე საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის – წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების განახლება.

ტენდერების მიხედვით, კონტრაქტორებმა სამუშაოების შესრულება უნდა დაიწყონ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ წერილობითი დავალების მიღებიდან, ხოლო წინადადებების მიღების ვადები სექტემბრის განმავლობაშია განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები