საქართველოში „მონტესორი უნივერსის“ სახელით პირველი მონტესორის საბავშვო ბაღი ამოქმედდა, რომელსაც უკვე პირველი აღსაზრდელებიც ჰყავს. ბაღის საქმიანობას საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი და მონტესორის სერტიფიცირებული პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს.
„მონტესორი უნივერსი“ ფრენჩაიზინგის გზით დაფუძნდა და ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე სკოლამდელი აღზრდის სრულიად ახალ სტანდარტს სთავაზობს. როგორც ბაღის წარმომადგენლები BMG-სთან განმარტავენ, მონტესორის მეთოდოლოგიით ბავშვი სწავლების პროცესში ერთდროულად არის აღმომჩენი, მკვლევარი და მთავარი მოქმედი გმირი, ხოლო პედაგოგი – დამკვირვებელი და ბავშვის განვითარების მეგზური.
„მონტესორი უნივერსის“ თანადამფუძნებლის, ნინო კიკნაძის თქმით, ბაღის მთავარი მისია მცირეწლოვნებში დამოუკიდებლობის, მოტივაციის, კონცენტრაციისა და სოციალური უნარების განვითარებაა.
„ასაკობრივი ჯგუფი ორ-ნახევრიდან ექვს წლამდეა. მეთოდოლოგია მთლიანად მონტესორისაა. გარემო, ავეჯი და მასალები ეკოლოგიურად სუფთაა. შენობა აშენებულია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალით და სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს.
ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბავშვთა ადრეულ განათლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ბაღის კურსდამთავრებული ბავშვები პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე, ღირსეული მოქალაქეები გახდებიან“, – აღნიშნა „მონტესორი უნივერსის“ თანადამფუძნებელმა.




























