2025 წელს თბილისის მეგა რეზორტ Central Park Towers-ში, რომელიც „ორბის“ და „ბლოკის“ ერთობლივი პროექტია, პრემიუმ კლასის საერთაშორისო ბრენდის ორი რესტორანი Chotto Matte და Beefbar გაიხსნება. ექსკლუზიურ შეთანხმებებს ხელი ლონდონსა და მონაკოში მოეწერა.
"ორბი ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ BMGTV-ის ეთერში განაცხადა, რომ მსგავსი ბრენდების შემოსვლა ბაზარზე მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. მისი თქმით, საერთაშორისო ბრენდების რესტორნების გახსნა საქართველოში პრემიუმ სეგმენტის მომხმარებლებს გააჩენს.
"არ მინდა გადამეტებულად გამომივიდეს, მაგრამ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც გასტრონომია საკმაოდ პოპულარულია და ტურისტებისთვის გასტრონომიული ხაზი ერთ-ერთი მოტივაციაა ჩამოსვლის, იყოს ისეთი პრემიალური საერთაშორისო სტატუსი, საერთაშორისო აღიარების მქონე ბრენდი, როგორიც Chotto Matte და Beefbar-ია, ნიშნავს საქართველოს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე აბსოლუტურად სხვა კუთხით გაჩენას. თუკი რუკას დავხედავთ, გამოდის, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან დუბაიმდე ასეთი დონის და მოცულობის ბრენდები არ არსებობს. პოსტსაბჭოთა სივრცეზე რომ არაფერი ვთქვათ.... მილანის, ლონდონის, პარიზის, ტორონტოს, ნიუ-იორკის, სან-ფრანცისკოს და ა.შ. გვერდით რომ საქართველოს დედაქალაქის ხვდება, ეს უკვე არის მანიშნებელი და ძალიან ბევრი კითხვის ნიშნის გამომრიცხავი იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც ჩამოსვლა სურთ. ეს იქნება საჩვენებელი და საკმაოდ კარგი მანიშნებელი, რომ თუ ეს ბრენდები ქვეყანაში არიან, ხარისხიც კარგია, უსაფრთხოების დონე კარგია, ჩასვლა შეიძლება, რაც გააჩენს ქვეყანაში სხვა სეგმენტის მომხმარებელს", - განაცხადა კვერღელიძემ.
"როგორც პროექტის დაწყებისას დავაანონსეთ, მეგა რეზორტში Central Park Towers თავს მოიყრის მსოფლიოს წამყვანი პრემიუმ ბრენდები. დღეს მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა დავასახელოთ ორი პრემიუმ ბრენდი - უმაღლესი კლასის საერთაშორისო რესტორნები Chotto Matte და Beefbar. ეს ბრენდები წარმოდგენილნი არიან მსოფლიოს ისეთ ქალაქებში როგორებიცაა: მონაკო, ლონდონი, სანტ-როპე, სან ფრანცისკო, მაიამი და ა.შ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უახლოეს პერიოდში ყველა პრემიუმ ბრენდს დავაანონსებთ, რომელიც Central Park Towers-ის მეგა რეზორტში გაიხსნება"- განაცხადა "ბლოკ ჯგუფის" მმართველმა პარტნიორმა თორნიკე ჯანაშვილმა.
რაც შეეხება თავად ბრენდებს:
Beefbar
Beefbar-ი ცნობილმა ფრანგმა კრეატიულმა რესტორატორმა და პრემიალური ხორცპროდუქტების ექსკლუზიურმა იმპორტიორმა რიკარდო ჟირაუდიმ მონაკოში დააარსა. იგი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე გამორჩეულ, კომფორტულ და ელეგანტურ სარესტორნო სივრცეებს ქმნის უმაღლესი კლასის სასტუმროებში.
უნიკალური კოსმოპოლიტური კონცეფციით, არაორდინალური საავტორო მენიუთი და გლამურული არქიტექტურული გადაწყვეტებით, Beefbar-ი არღვევს გასტრონომიული სამყაროს ტრადიციებს და სტუმრებს სრულიად ახალ შეგრძნებებსა და გამოცდილებებს სთავაზობს. “Reference for meat lovers”- ეს არის ფრაზა, რომლითაც ბრენდი საკუთარ თავს აღწერს.
Chotto Matte
Chotto Matte-ს პირველი ფილიალი ლონდონში, სოჰოში ცნობილმა რესტორატორმა კურტ ზდესარმა გახსნა. მას შემდეგ, რესტორანი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს წამყვან ქალაქებში. Chotto Matte-ში წარმოდგენილია იაპონურ-პერუული ავთენტიკური სამზარეულოს საუკეთესო მიქსი - ნიკეი. რესტორნის ინოვაციური მენიუ აგრძელებს ნიკეის სამზარეულოს ტრადიციებს და გვთავაზობს ექსკლუზიურ საავტორო კერძებს, რომლებიც იქმნება ჯანსაღი, ახალთახალი პროდუქტებით. აღსანიშნავია, რომ იაპონურ-პერუულ სამზარეულოებს ძალიან რთული და კომპლექსური რეცეპტები აქვთ. შესაბამისად, მათი შექმნა ან გამეორება დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. იაპონურ-პერუული რესტორანი შენობის ბოლო სართულზე განთავსდება, საიდანაც თბილისის 360 გრადუსიანი პანორამული ხედი გადაიშლება.
„Chotto Matte გაცილებით მეტია ვიდრე რესტორანი. ჩვენ მიზნად ვისახავთ გავახაროთ თითოეული სტუმარი და შევუქმნათ დაუვიწყარი გასტრონომიული გამოცდილება“- ვკითხულობთ ბრენდის აღწერაში.
“Central Park Towers საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორში რევოლუციურ ცვლილებას მოახდენს და დანერგავს სრულიად ახალ სტანდარტს. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, რომ Chotto Matte იქნება ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ტრანსფორმაციულ პროექტში“ - აცხადებს Chotto Matte-ს დამფუძნებელი კურტ ზდესარი.
ცნობისთვის, Central Park Towers-ის მშენებლობა 2025 წლის ბოლოს დასრულდება. მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდებითა და მასშტაბით აღნიშნული პროექტი, თბილისს მსოფლიოს წამყვანი ქალაქების - ლონდონის, პარიზისა და მილანის გვერდით დააყენებს.