უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ თბილისში ქირის ფასის შემცირება მათ შორის, ტურისტული ნაკადების კლებასაც უკავშირდება.
საქმე ისაა, რომ თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირა კლების ტენდენციას აგრძელებს. იანვარში დედაქალაქში ბინების საშუალო გასაქირავებელი ფასი წლიურად 12%-ით, ერთ კვადრატულ მეტრზე 10.7 დოლარამდე იყო შემცირებული.
როგორც BMG-სთან უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტის“ პარტნიორი, ლევან ელიზბარაშვილი აცხადებს, დედაქალაქში გასაქირავებელი ბინების ბაზრის მნიშვნელოვან კონტრიბუტორს სწორედ ტურისტები წარმოადგენენ, ამ მიმართულებით ნაკადების კლება კი ქირის ფასზეც აისახება. კიდევ ერთ ფაქტორად კომპანიაში მოთხოვნა-მიწოდებას შორის გაჩენილ დისბალანსს ასახელებენ.
“ქირის ფასის კლებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, ერთი მიზეზი ისაა, რომ მოთხოვნა-მიწოდების კუთხით გარკვეული დისბალანსია უკვე ფიქსირდება. ამის მიზეზია ასევე, ტურისტული ნაკადების შემცირება თბილისის ტერიტორიაზე, რაც თავის მხრივ, არასტაბილურობას და დაძაბულობას უკავშირდება. თბილისის ბაზარზე უძრავი ქონების ქირაობის კუთხით, ტურისტები მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს წარმოადგენენ. ისინი ინტენსიურად ქირაობდნენ ბინებს ქალაქის ცენტრში და ტურისტულ უბნებში. ახლა კი ტურისტების ნაკლებობა იწვევს ამ მიმართულებით შესაბამის პროცესს.
დარწმუნებული ვარ, თებერვლის მონაცემები რომ დაიდება, ქირაზე ფასები კიდევ უფრო შემცირებული იქნება. თბილისის შემთხვევაში, იანვრის პირველი ნახევარი, საახალწლო პერიოდი ტურისტულად უფრო აქტიურია ხოლმე, ვიდრე თებერვალი”, - განაცხადა ლევან ელიზბარაშვილმა.
მისივე თქმით, ქირაზე ფასის კლება თავის მხრივ, უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობას და ამ მიზნით ბინების გაყიდვებს ამცირებს.
“როდესაც იჯარის ფასი მცირდება, ინტერესი და მოთხოვნა უძრავ ქონებაზე იკლებს. გაქირავების მიზნით ბინების ყიდვის სურვილის დაკარგვა არსებით გავლენას იქონიებს უძრავი ქონების რაოდენობრივ რეალიზაციაზე. ჩემი შეფასებით, ზეგავლენა დაახლოებით 15% და მეტი იქნება. ქირის ფასის კლების პირობებში, ინტერესი ასეთი ტიპის ოპერაციების მიმართაც იკლებს”, - აღნიშნა ლევან ელიზბარაშვილმა.