თბილისში საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს-ფორუმმა დაიწყო მუშაობა, რომელიც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილისა და საუდის არაბეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ-ფალიჰის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა. ღონისძიებას 300-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის საქართველოს და საუდის არაბეთის როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესწრეების ფართო წარმომადგენლობა.
„ჩვენი პრიორიტეტია საუდის არაბეთის სამეფოსთან - ყურის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანასთან და უფრო ფართოდ - არაბულ სამყაროსთან ურთიერთობების განმტკიცება. ბოლო წლებში, გასული წლის ჩათვლით, ჩვენ შევინარჩუნეთ მზარდი ტენდენცია ორმხრივი ვაჭრობის, ასევე საუდის არაბეთის ინვესტიციების მიმართულებით. გარდა ამისა, საუდის არაბეთიდან ინვესტიციების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიურად იმუშაოს ორ ქვეყანას შორის „ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებაზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში.
პირველმა ვიცე-პრემიერმა საუდის არაბეთის დელეგაციის წევრებს გააცნო საქართველოში არსებული ეკონომიკური ტენდენციები და საინვესტიციო კლიმატის, ასევე მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის შესახებ.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის (B2B) შეხვედრები შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად. მისი თქმით, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია გასული წლის ოქტომბერში ორი პალატის მიერ დაარსებული ერთობლივი ბიზნესსაბჭო, რომელმაც იდეალური ჩარჩო შექმნა ორივე ქვეყნის ბიზნესისთვის კავშირების დასამყარებლად და ახალ პროექტებზე სამუშაოდ.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ჩვენი ქვეყანა შესაძლებლობების უნიკალურ ნაზავს გთავაზობთ, რაც საქართველოს მიმზიდველ დანიშნულების ადგილად აქცევს როგორც ინვესტორებისთვის, ისე ბიზნესისთვის. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის კლიმატს და განვახორციელეთ რეფორმების ფართო სპექტრი, რომელიც გულისხმობს როგორც ბიზნესის კეთების გამარტივებას, ისე საგადასახადო ტვირთის შემცირებას. დღეს საქართველო ინვესტიციების განსახორციელებლად ისეთი ადგილია, სადაც დაბალ ხარჯებთან ერთად დაგხვდებათ შემცირებული რისკები, არაჩვეულებრივი ბიზნეს კლიმატი, მწვანე ენერგიის ხელმისაწვდომობა და წვდომა 2,3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის გლობალურ ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ფარგლებში“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ფორუმის მიმდინარეობისას საუდის არაბეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების პრეზენტაციას გაცნობოდნენ, რომელიც მათ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა წარუდგინა. ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიები ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბის პოტენციალზე. ამასთან, ორი ქვეყნის წარმომადგენლები გაცვლიან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით.
„საქართველოს მტკიცე არჩევანი, იყოს დივერსიფიცირებული და თანამედროვე ეკონომიკა შეესაბამება საუდის არაბეთის მომავლის ხედვას, რაც წარმოადგენს საწარმო შესაძლებლობების ზრდას მწვანე ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტირებისა და სხვა სექტორებში. საქართველო ღიაა ბიზნესისთვის და მოუთმენლად ველით იმ შესაძლებლობებს, რასაც საუდის არაბეთთან ჩვენი პარტნიორობა ორივე მხარეს მოგვიტანს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.