მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში სასტუმრო Castor And Pollux გაიხსნა - ინვესტიცია ₾25 მილიონია

სასტუმრო

თბილისის ცენტრში, კერძოდ ვერაზე, პოლიკარპე კაკაბაძის 45 ნომერში ახალი 110-ნომრიანი სასტუმრო Castor And Pollux გაიხსნა. პროექტის განხორციელებისთვის კომპანია "ვერა რეზიდენსმა" 25 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო.

კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ქორიძე სასტუმროს შექმნის მიზნებსა და კონცეფციაზე BMG-სთან საუბრობს. სტუმარმასპინძლობის სექტორში პოზიციონირება ამავე ქუჩაზე პატარა, 16-ნომრიანი სასტუმროთი დაიწყეს. ეტაპობრივად მიხვდნენ, რომ პროექტი ამართლებდა და ლოკაციაც ტურისტებისთვის მიმზიდველი იყო, ამიტომ 2018 წელს გაფართოება დაიწყეს.



"სამ წელზე მეტი მიმდინარეობდა მშენებლობა, ეტაპობრივად გაჩერება და პროექტის კორექტირება გვიწევდა, ამიტომ პროცესი დროში გაჭიანურდა. სულ რაღაც თვე ნახევრის წინ სასტუმროც ავამოქმედეთ.

ჩვენი მთავარი უპირატესობა ლოკაციაა, თბილისის ისტორიული უბანი, მთელს ქალაქზე გაშლილი ხედებითა და ტურისტებისთვის სასურველი შეთავაზებებით.

დიზაინზეც დიდხანს ვმუშაობდით, გვინდოდა, მომხმარებელზე მორგებული სივრცე შეგვექმნა, ამ პროცესში დიზაინერული კომპანია Object დაგვეხმარა. ვფიქრობთ, დასახულ მიზანს მივაღწიეთ", - ამბობს გიორგი ქორიძე.

რაც შეეხება სერვისებს, რომელსაც Castor And Pollux Hotel მომხმარებელს შესთავაზებს - ამ ეტაპისთვის სასტუმრო 110-ოთახიანი სასტუმრო სარესტორნო სივრცეს, ბარს და საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს, გაზაფხულიდან კი აუზი, სპა და ფიტნეს დარბაზიც დაემატება.

"სპეციალურად ჩვენი ბარისთვის ქართველი ახალგაზრდა ბარმენი უცხოეთიდან ჩამოვიყვანეთ, განსაკუთრებულ და საფირმო კოქტეილებს ვამზადებთ. ასევე, სამზარეულოც მრავალფეროვანი გვაქვს. განსაკუთრებული უპირატესობა კი დიდი ფართობის ვერანდაა, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება", - გვიყვება სასტუმროს დამფუძნებელი.

სასტუმროში ჯავშნების მიღება დაწყებულია და განთავსების ახალი ობიექტი 15-20%-ითაა დატვირთული. გიორგი ქორიძე აღნიშნავს, რომ სასტუმრო ძირითადად ბიზნეს ჯავშნებს იღებს და უახლოეს მომავალში დატვირთულობის ზრდას ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროში ამ ეტაპისთვის 18 ადამიანია დასაქმებული, თუმცა გიორგი ქორიძის თქმით, მალე ეს რიცხვი 120-მდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები