სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თბილსერვის ჯგუფის“ 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ „თბილსერვისმა" საქონელი არასაბაზრო ფასით შეისყიდა.
კერძოდ, 2021 წელს "თბილსერვისმა" გამოაცხადა ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერი, ავტომანქანების სათადარიგო ნაწილების შესყიდვის მიზნით, სავარაუდო ღირებულება კი 2,875.0 ათასი ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა, რომელთაგანაც ყველაზე დაბალი ფასი − 2,135.6 ათასი ლარი დააფიქსირა შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“. აღნიშნულ პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია, რადგან მის მიერ წარდგენილ ფასების ცხრილში შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი კომპანიების იურიდიული დასახელებები სრულად არ ჰქონდა მითითებული.
საბოლოოდ, კომისიამ გამარჯვებულად გამოავლინა მომდევნო პრეტენდენტი − შპს „ჯი-თი გრუპი“, სატენდერო ღირებულებით − 2,623.1 ათასი ლარი, რომლის ფასი 487.5 ათასი ლარით მაღალია დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის ფასთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო ფასი მნიშვნელოვნად შეიცვალა, შემსყიდველმა არ შეწყვიტა ტენდერი და არ გამოაცხადა ხელახლა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს თბილსერვისმა ჩაატარა მსგავსი ტენდერი , რომელშიც მონაწილეობდა შპს „ჯი-თი გრუპი“. ამ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მისაწოდებელი საქონლის მწარმოებელი კომპანიის იურიდიული დასახელებები სრულად არ იყო მითითებული, თუმცა კომისიამ ის გამარჯვებულად გამოაცხადა. ამდენად, ერთსა და იმავე პირობებში, შემსყიდველმა ერთ პრეტენდენტს მიანიჭა დისკვალიფიკაცია, ხოლო მეორე − გამარჯვებულად გამოავლინა, რაც შესყიდვის მონაწილეებს არათანაბარ პირობებში აყენებს და მიუთითებს მიმწოდებლების მიმართ არაობიექტურ და არაერთგვაროვან მიდგომაზე.
აუდიტის დასკვნით, თბილსერვისმა შესყიდვის პროცედურები წარმართა იმგვარად, რომ შემსყიდველს პრეტენდენტების მიმართ არაერთგვაროვანი მიდგომა გააჩნდა. შედეგად, "თბილსერვისმა" სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.
ინფორმაციისთვის: შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, რაციონალურად და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს შესყიდვები მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა (ბიუჯეტიდან განსაზღვრული ფულადი თანხის გამოყოფა დამტკიცებული ხარჯების გასაწევად) ფარგლებში.
ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, სატენდერო კომისია აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს ან იღებს ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას.