მოგეხსენებათ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოები „მგზავრის წერილები“ დაწერილია მე-19 საუკუნეში, როდესაც საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე იდგა — რუსეთის გავლენა და ჩარევა ძლიერდებოდა. ეს პერიოდი მძიმე იყო ქართველი ხალხისთვის და განსაკუთრებით მწერლებისთვის, რომლებიც ცდილობდნენ ქართული იდენტობის შენარჩუნებას ისე, რომ ის უცხო ძალების გავლენით არ შეცვლილიყო. თეატრ სახელოსნო 42-ში სწორედ აღნიშნულ ნაწარმოებზე დაყრდნობით სპექტაკლი დაიდგა. სახელოსნო 42-ის სტაფსა და შემადგენლობას სჯერა, რომ ახლანდელი თაობა იმ მომენტში დგას, როდესაც ჩვენი ისტორია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ ტექსტის სცენურ წარმოდგენად ქცევით მათი მიზანი იყო ილიას იდეების გავრცელება ახალგაზრდა თაობაში და მათი გაცნობიერება იმ სირთულეების შესახებ, რომლებიც ქართველ ხალხს ისტორიის განმავლობაში გადაუტანია, რათა დღეს იქ ვიყოთ, სადაც ვართ. სპექტაკლის რეჟისორებს სურს წაახალისოს ახალგაზრდები, უფრო მეტად შეისწავლონ ეს ისტორიული ტექსტები და დაფიქრდნენ იმ მსგავსებებსა და განსხვავებებზე, რომლებიც შესაძლოა თანამედროვე საქართველოშიც არსებობდეს.


































