მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტეილორ სვიფტი ახალგაზრდა ქალ მილიარდერთა სიისკენ გზას მიიკვლევს - Bloomberg

ერა

ტეილორ სვიფტი 33 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ქალ მილიარდერთა სიისკენ იკვლევს გზას. სვიფტი ერთ-ერთი იქნება იმ მილიარდერთა ჩამონათვალში, რომლებსაც ქონება აქციებითა და კრიპტოვალუტით ვაჭრობით არ დაუგროვებია, - ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.

სვიფტის საკონცერტო ფილმმა - Eras Tour - რომელიც გასულ პარასკევს გამოვიდა, წინასწარი გაყიდვებით $100 მლნ-ზე მეტი გამოიმუშავა. ნავარაუდებია, რომ რამდენიმე კვირაში ეს მაჩვენებელი გაორმაგდება. სვიფტის ტურნე უკვე გახდა ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული კონცერტების სერია, რომლითაც სვიფტი დასრულებამდე, მხოლოდ ბილეთების გაყიდვებით, $4 მილიარდს გამოიმუშავებს.

სვიფტის სიმდიდრე, რომელიც მომღერალმა დაბალ და საშუალო შემოსავლიანი ახალგაზრდა ამერიკელების ხარჯზე დააგროვა, დიდ პასუხისმგებლობასაც მოითხოვს. სვიფტის მარკეტინგული სიძლიერე არა მხოლოდ ამერიკული ფეხბურთის ლიგის, NFL-ის მაყურებელთა რაოდენობის ზრდაში, არამედ მთლიანად აშშ-ის ეკონომიკის გაძლიერებაში გამოიხატება. თუმცა სვიფტს მნიშვნელოვანი საქველმოქმედო გზა კვლავ გასავლელი აქვს.

ეპოქაში, რომელშიც “მილიარდერის” სტატუსი ანტიგმირობასთანაა გაიგივებული, ამერიკის ულტრა მდიდარ საზოგადოებას სახელის გასაწმენდად ახალი მაგალითი სჭირდება. მართალია, ტეილორ სვიფტი პირველი არ იქნება, ვინც 40 წლამდე მილიარდერ მომღერალთა სიას შეუერთდება, თუმცა შესაძლოა, იგი პირველ შემსრულებლად იქცეს, ვინც თავისი Gen Z თუ მილენიალი ფანებისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ თუ ღირებულებით პრობლემებზე, მათ შორის, საგადასახადო სისტემის რეფორმირებასა და კლიმატის ცვლილებაზე, გარკვეულ გავლენას მოახდენს.

ტეილორ სვიფტის საქმიანობა უკვე ითვლის ათობით ათასი დოლარის დონაციებსა და გულშემატკივართა ოჯახების სამედიცინო ხარჯების დაფარვის ისტორიას. გარდა ამისა, სვიფტს საკუთარი კონტრიბუცია შეაქვს დაავადებათა კვლევის დაფინანსებაში.

თუმცა გულშემატკივრებისათვის პრიორიტეტულ სფეროებში ინვესტირება მომღერალს საყოველთაო ყურადღების ცენტრში აბსოლუტურად განსხვავებულად აყენებს. საზოგადოება კი მისგან უფრო აქტიურ და ამბიციურ კამპანიებს ელის. სვიფტი კი ნამდვილადაა იმ პოზიციაში, რომ საქველმოქმედო კამპანიები უფრო გაააქტიუროს - არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის კაპიტალიზმის უძლიერესი ბერკეტია, არამედ იმიტომაც, რომ მას ხშირად ინდუსტრიის ხატმებრძოლადაც ნათლავენ. კარიერის მანძილზე, ტეილორ სვიფტი არა მიზოგენიას დაუპირისპირდა, არამედ შემსრულებელთა საავტორო უფლებებსა და ინტელექტუალურ საკუთრებას განსაკუთრებული ღირებულებაც შესძინა.

უახლოეს მომავალში ტეილორ სვიფტს ახალგაზრდა გულშემატკივრების გულის მოსაგებად კიდევ ორი შესაძლებლობა მიეცემა.

პირველი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებული “ულტრა მდიდრების საგადასახადო სისტემისთვის” ღია მხარდაჭერაა. ბაიდენი გეგმავს, რომ მილიარდერებმა სახელმწიფო ბიუჯეტს შემოსავლის 25% შემატონ.

როგორც მარკეტინგისა და კომერციალიზმის სამაგალითო ნიმუშს, ტეილორ სვიფტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი გულშემატკივრების უდიდესი ნაწილი ანტიკაპიტალისტურადაა განწყობილი. დღევანდელი რეგულაციით, ულტრა მდიდარი ადამიანები ამერიკის საგადასახადო სისტემას შემოსავლის მხოლოდ 8.2%-ს უხდიან.

მეორე საკითხი, რომელიც სვიფტმა საჯაროდ უნდა დაგმოს, თავისივე გავლენაა კლიმატის ცვლილებაზე. უცხოურ მედიაში არაერთხელ გაშუქებულა მომღერლის ნახშირბადის ნაკვალევის შესახებ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სვიფტის მიერ კერძო თვითმფრინავით სარგებლობა 2000-ჯერ აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს. ამ მაჩვენებლებს განსაკუთრებულად ზრდის მომღერლის მიმდინარე ტურნე, რომლის ფარგლებშიც ტეილორ სვიფტი 5 კონტინენტზე 146 შოუს ატარებს. სვიფტის გულშემატკივართა დიდი ნაწილი მომღერლისგან საკუთარი სათბურის აირების ემისიების შესამცირებლად გარკვეული ზომების მიღებას ელის.

თუ სვიფტი ამ ორ შესაძლებლობას გამოიყენებს, ეს იქნება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი 21-ე საუკუნის ულტრა მდიდარი ადამიანებისათვის ახალი სტანდარტების დაწესების პროექტში, რადგან ეს იმის დემონსტრაცია იქნება, თუ რისი მიღწევა შეიძლება ექსტრაორდინალური პერსონალური წარმატებით, რითაც არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ სრულიად საზოგადოება ისარგებლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები