მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელი, ჩინური TikTok-ი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა, რადგან, შესაძლოა, პლატფორმაზე ტეილორ სვიფტის, დრეიკის, ადელის, Bad Bunny-ის, ბილი აილიშისა და სხვა ცნობილი არტისტების მუსიკა აღარ განთავსდეს. საქმე ისაა, რომ ამ არტისტებს გლობალური მედიაკონგლომერატი, Universal Media Group-ი წარმოადგენს, რომელმაც განაცხადა, რომ ჩინურ სოციალურ ქსელთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს.
ამერიკული კომპანია, როგორც ჩანს, კონტრაქტის გაგრძელებას მანამ არ გეგმავს, სანამ ჩინური სოციალური ქსელი არტისტების ჰონორარებთან დაკავშირებულ პოლიტიკას არ შეცვლის, მუსიკოსებზე ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესამცირებლად ბერკეტებს არ შემოიღებს და ონლაინუსაფრთხოების სტანდარტებს არ აამაღლებს. როგორც Universal Media Group-ში ამბობენ, TikTok-ს მუსიკალურ სტრიმინგ-ბიზნესს ქმნის, მაგრამ მუსიკოსებს არასათანადოდ უხდის.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Universal Music Group-ი გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $54 მილიარდს აღემატება. თუმცა ამ ჰოლანდიურ-ამერიკული კომპანიის საპირწონედ ჩინურ ტექნოლოგიურ კონგლომერატ ByteDance-ს ვხვდებით, რომელიც, ჯერჯერობით, კერძო კომპანიის სტატუსს ინარჩუნებს, მაგრამ, ამავდროულად, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სტარტაპიცაა.