ტეხასის გარემოს ხარისხის კომისიამ მონაცემთა ცენტრების მშენებლობის ნებართვების განხილვა განაახლა, რითაც სექტემბერში დაწესებული დროებითი შეზღუდვა დასრულდა.
როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ელექტროქსელის ოპერატორმა ERCOT-მა ადგილობრივ თემებზე მონაცემთა ცენტრების გავლენისა და რესურსების მოხმარების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაასრულა. უწყების პრესსპიკერის, ლორა ლოპესის განცხადებით, კომისია მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და განაცხადებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაფასებს.
აღსანიშნავია, რომ ნებართვების შეჩერებას წინ უძღოდა აგვისტოში გუბერნატორ გრეგ ებოტის მიერ ინიციირებული აუდიტი, რომელიც მონაცემთა ცენტრების მიერ ელექტროენერგიისა და წყლის მოხმარების შემოწმებას ისახავდა მიზნად.
რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, აღნიშნული საკითხი შუალედური არჩევნების წინ ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. არჩევნებში გამარჯვებულმა დემოკრატმა კანდიდატმა, ჯინა ჰინოხოსამ, რომელმაც გრეგ ებოტი დაამარცხა, მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე მორატორიუმის დაწესების პირობა დადო.
არჩეული გუბერნატორის შეფასებით, რეგულაციების არარსებობა სოფლის ტიპის დასახლებებში ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აზიანებს.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მონაცემთა ცენტრების განვითარებას მხარს უჭერს და მიიჩნევს, რომ მათი შეზღუდვა შეცდომაა, რადგან ინვესტიციები ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს უტოვებს.
























