მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თელავს სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა ექნება

323

თელავს სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა ექნება. გენერალური გეგმის ძირითად მიმართულებებსა და კონცეფციაზე დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

პრესრელიზის თანახმად, ახალი გენერალური გეგმა ქალაქის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.

შეხვედრაზე გენერალური გეგმის ძირითადი მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია გამართა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გეგმაში გაიწერა ყველა პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარებისთვის. მათ შორისაა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ქალაქის ადმინისტრაციული ფუნქციებისა და სახელმწიფო სერვისების გადანაწილება, რაც კიდევ უფრო გაზრდის თელავის მიმზიდველობას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის.

„ყველა მუნიციპალიტეტის განვითარება უნდა დაიწყოს გენერალური გეგმის დამტკიცებით. მნიშვნელოვანია, რომ თელავის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო განვითარდეს და კულტურული ცხოვრება ქალაქში იყოს კიდევ უფრო მზარდი და საინტერესო, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

შეხვედრაში მთავრობისა და პარლამენტის წევრები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, სხვადასხვა უწყებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები