თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში კაკლის შემნახველ-გადამმუშავებელი საწარმო USAID-ისა და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმო "ჯივიენში", ერთდროულად, 300 ტონა კაკლის შენახვა-გადამუშავებაა შესაძლებელი.
კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, დაახლოებით 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა; მათ შორის, USAID-ის გრანტი 75,000 აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსება - 500,000 ლარია. საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული.
კაკლის გადამმუშავებელ საწარმოს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი, დავით წითლიძე, და USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი, მიშელ კოშიელსკი, ეწვივნენ.
„ჩვენ გავხსენით საწარმო, რომელიც დაეხმარება ქართულ კაკალს ექსპორტზე გავიდეს ევროკავშირის მაღალი ღირებულების ბაზრებზე. ეს არის ამერიკისა და საქართველოს მთავრობებსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის კარგი მაგალითი. ეს არის მაგალითი, თუ როგორ ეხმარება ამერიკა, ამერიკის მთავრობა სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერებას”, - აღნიშნა მიშელ კოშიელსკიმ.
დავით წითლიძის თქმით, კომპანია "ჯივიენი" დონორის დაფინანსებისა და სახელმწიფო კონტრიბუციის ერთობლივად ათვისების კარგი მაგალითია: „კომპანია „ჯივიენი“ არის კარგი მაგალითი, როდესაც დონორის დაფინანსება და სახელმწიფო კონტრიბუცია ერთობლივად იქნა გამოყენებული ახალი საწარმოს შექმნისთვის".
საქართველოს მასშტაბით, სოფლის განვითარების სააგენტოს გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, ჯამში, 232 საწარმოა თანადაფინანსებული; სახელმწიფო გრანტის ოდენობა 112 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.