კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მოქმედი სასტუმრო Chateau Mere იყიდება. კომპანიის მმართველი პარტნიორი გია პირადაშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6 მლნ დოლარია.
სასტუმროს გასხვისების მიზეზების შესახებ დასმულ კითხვას პირადაშვილი ასე პასუხობს: „ჩვენ უკვე შევკარით მთლიანი პროექტი და გადავწყვიტეთ მისი გაყიდვა. ჩვენ თავად არ ვართ ამ პროცესით დაკავებულები, მაგრამ მუშაობა უცხოური და ადგილობრივი ინვესტორის დაინტერესებაზე მიდის“.
გია პირადაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის ღვინის ბიზნესში თავის საქმიანობას აგრძელებს და ახალი ბრენდ "ჯანიანის" განვითარებაზე მუშაობს.
უნდა აღინიშნოს, რომ მისი მართვის ქვეშ მოქმედი სასტუმროს გაყიდვის შესაძლებლობას, გია პირადაშვილი გასულ წელს გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში არ გამორიცხავდა. სასტუმრო პროექტების განვითარებაზე საუბრისას ის ამბობდა, რომ „ეს არის ბიზნესი, რომელიც უნდა შექმნა, განავითარო და შემდეგ გაყიდო“, ამის მაგალითად კი სასტუმრო Royal Batoni მოჰყავდა, რომელიც ამოქმედების შემდეგ გაიყიდა. კითხვაზე - შეეხებოდა თუ არა გასხვისება Chateau Mere-ს, მმართველმა პარტნიორმა მაშინ თქვა: „ყველაფერს შეეხება, რაც ბიზნესს ეხება“, თუმცა იქვე დასძინა, რომ „Chateau Mere-ს პროექტს ეს ნაკლებად შეეხებოდა და აღნიშნა, „ეს ბიზნესია და ის ხელიდან ხელში უნდა გადადიოდეს“.
თელავში, სოფელ ვარდისუბანში სასტუმრო Chateau Mere 2011 წელს გაიხსნა. პანდემიის პერიოდში ის 44-დან 65 ოთახამდე გაფართოვდა და ინფრასტრუქტურულადაც განვითარდა. შედეგად დღეს Chateau Mere 65 ოთახს, 2 სარესტორნო სივრცეს [აქედან ერთი 200-კაციანია, მეორე კი ტრადიციული] და სამ სპა სივრცეს აერთიანებს, აქედან ერთი აუზი მეოთხე - ახალი ბლოკის ნაწილში მოეწყო. სასტუმროში განთავსების ღირებულება 230 ლარიდან იწყება და ოთახის ტიპის და სეზონის მიხედვით იცვლება. სასტუმრო როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებს აქტიურად მასპინძლობს.