მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელების რეიტინგში პაველ დუროვის კომპანია მნიშვნელოვნად დაწინაურდა. Telegram-ს ახლა უკვე 1 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საკომუნიკაციო პლატფორმად აქცევს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში Telegram-ის მომხმარებლების რაოდენობა 80%-ითაა გაზრდილი, რაც პირდაპირ კავშირშია რუსეთ-უკრაინის ომთან, რომლის დაწყების შემდეგ, Telegram-ზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით დრამატულად გაიზარდა.
მილიარდი მომხმარებლის დაგროვების ფონზე, კომპანია საფონდო ბირჟაზე დებიუტისთვის ემზადება. რა იქნება Telegram-ის IPO-ს მოცულობა, უცნობია, თუმცა კერძო ინვესტორები მას მინიმუმ 30 მილიარდ დოლარად აფასებენ.
თავად Telegram-ის დამფუძნებელი, პაველ დუროვი, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა, ამჟამად არაბთა გაერთიანებული საამიროების უმდიდრესი მოქალაქეა და მისი ქონების შეფასება 16 მილიარდ დოლარს აღწევს. როგორც დუროვი თავად ამბობს, ის არც კერძო სახლს ფლობს და არც ავტომობილს, მის საკუთრებაში მხოლოდ ორი აქტივია - Telegram-ის აქციები და ბიტკოინი.