მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტელეიმედის" ჯამური ზარალი 500 მილიონ ლარს აღწევს - არხმა ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა

იმედი
30.09.26 16:50
• 818

"ტელეიმედმა" ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს 2025 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება წარუდგინა, რომელიც არხის მენეჯმენტმა 2026 წლის 25 სექტემბერს დაამტკიცა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ტელეკომპანიამ ოპერირება 43.1 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. წინა წელთან შედარებით კომპანიის ზარალი 24.7 მილიონი ლარით, ანუ დაახლოებით 36%-ით შემცირდა. ამასთან, ტელეკომპანიის დაგროვილმა ჯამურმა ზარალმა 497.2 მილიონ ლარს მიაღწია.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, „ტელეიმედის“ შემოსავალმა 2025 წელს 46.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც ძირითადი ნაწილი, 46.1 მილიონი ლარი, რეკლამიდან მიღებული შემოსავალი იყო. რეკლამიდან მიღებული თანხა 2024 წელთან შედარებით 7.2 მილიონი ლარით გაიზარდა. მთლიანმა შემოსავალმა, სხვა შემოსავლის ჩათვლით, 47.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის 40.1 მილიონ ლართან შედარებით 19%-იანი მატებაა. ანგარიშგების თანახმად, შემოსავლების ზრდაზე ასევე იმოქმედა საკუთარი წარმოების სერიალის ჩვენების უფლების რეალიზაციამ, თუმცა კომპანია აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის შემოსავლები, როგორც წესი, რეგულარული ხასიათის არ არის.

ამასთან, 2025 წელს „ტელეიმედის“ ძირითადი ხარჯები ასე ნაწილდებოდა:

  • 841 დასაქმებულის პერსონალის ხარჯები - 40.5 მილიონი ლარი;
  • ფინანსური ხარჯები - 25.5 მილიონი ლარი;
  • სხვა ხარჯები - 24.7 მილიონი ლარი;
  • ცვეთა და ამორტიზაცია - 6.7 მილიონი ლარი;
  • სავაჭრო და სხვა მოთხოვნების გაუფასურების ხარჯი - 6.6 მილიონი ლარი.

პერსონალის ხარჯი 2024 წელთან შედარებით 648.6 ათასი ლარით შემცირდა, ხოლო სხვა ხარჯები 5.9 მილიონი ლარით გაიზარდა. ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯი 3.1 მილიონი ლარით შემცირდა.

შედარებისთვის, „ტელეიმედის“ ზარალმა 2024 წელს 67.8 მილიონი ლარი შეადგინა, 2023 წელს კი 67.8 მილიონი ლარი. ზარალის კლების მიუხედავად, არხის ფინანსური პარამეტრები კვლავ რთულ ვითარებაშია, რადგანაც ტელეიმედი ფაქტობრივად ყოველწლიურად ზარალს განიცდის და დაგროვილმა ზარალმა 2025 წლის ბოლოს 497.2 მილიონ ლარს მიაღწია. მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალის გათვალისწინებით არხის საოპერაციო ხარჯები ძირითადად დაკავშირებული მხარეებისგან მიღებული კრედიტებით ფინანსდება.

ტელეკომპანიის ფინანსურ მდგომარეობაში მნიშვნელოვანი ადგილი კვლავ სასესხო ვალდებულებებს უკავია. 2025 წლის ბოლოს „ტელეიმედის“ გრძელვადიანი სესხების ნაშთი 428.2 მილიონი ლარი იყო, მაშინ როცა 2024 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 382.4 მილიონ ლარს შეადგენდა. მათ შორის, დაკავშირებული მხარეებისგან მიღებული სესხების ნაშთი 370.6 მილიონი ლარი, ხოლო ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებული სესხების ნაშთი 57.5 მილიონი ლარი იყო. აუდიტორთა დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ აუდიტორებმა ვერ მიიღეს საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები კომპანიის ძირითადი საშუალებების, დაკავშირებული მხარეებისგან მიღებული სესხებისა და გარკვეული სხვა საბალანსო მაჩვენებლების შესახებ. შესაბამისად, ანგარიშგებაზე გაცემულია პირობითი მოსაზრება.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, დაკავშირებული მხარეებისგან მიღებულ სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 8-11%-ს შეადგენს, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებულ სესხებზე კი 9-12%-ს. 2025 წელს სესხებთან დაკავშირებული საპროცენტო ხარჯი 25.5 მილიონი ლარი იყო.

2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ტელეიმედის“ მთლიანი ვალდებულებები 506.7 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 428.2 მილიონი ლარი გრძელვადიანი სესხები იყო. მოკლევადიანი ვალდებულებები 78.5 მილიონ ლარს შეადგენდა. ამავე დროს, კომპანიის მთლიანი აქტივები მხოლოდ 39.6 მილიონი ლარი იყო.

მენეჯმენტის განმარტებით, კომპანიის საქმიანობის გაგრძელება დამოკიდებულია დაფინანსებაზე, ფინანსური სახსრების ხელმისაწვდომობასა და მოზიდვაზე და შემოსავლების გენერირებაზე. ამასთან, აუდიტორმა ფუნქციონირებად საწარმოსთან დაკავშირებით „არსებითი განუსაზღვრელობა“ გამოყო.

ანგარიშგების მიხედვით, 2025 წლის ბოლოს კომპანიაში საშუალოდ 841 ადამიანი იყო დასაქმებული, მაშინ როცა 2024 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 880 ადამიანს შეადგენდა.

ტელეკომპანიის ბალანსი 2025 წლის ბოლოსთვის:

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა რუსული დეზინფორმაციის გავრცელების მოტივით ტელეკომპანიებს - "იმედსა" და "Postv"-ის სანქციები დაუწესა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ "ტელეიმედის" მფლობელი 2026 წლის 6 თებერვალს შეიცვალა - ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა, "ტელეიმედის" მფლობელი კომპანია "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" 50%, რომელიც GDS-სა და რადიო იმედსაც მოიცავს "პრაიმ მედია გლობალზე" გაასხვისა, მეორე 50%-ის მფლობელები კი ტელევიზიის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში არსებული პირები - მარიამ ლომიძე (10%); ვასილ კალანდარიშვილი (10%); ირაკლი ჩიხლაძე (10%); ნათია სონღულაშვილი (10%) და მაია ჩიგოშვილი (10%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები