მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტელეკომპანია "იმედმა" გასულ წელს ₾22 მლნ-ით, 2020-ში კი ₾74 მლნ-ით იზარალა

633c344663d5b
შოთა ტყეშელაშვილი
04.10.22 17:44
3619
საქართველოს სატელევიზიო ბაზრის უმსხვილესმა მოთამაშემ - “იმედმა” ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება წარუდგინა, რაც ამ უკანასკნელმა კანონმდებლობის შესაბამისად reportal.ge-ზე საჯაროდ გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს “ტელეიმედს” 31.7 მილიონი ლარის შემოსავალი, 2020 წელს კი 27 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, თუმცა ეს შემოსავალი არ იყო საკმარისი, რათა ტელევიზიას მისი საოპერაციო და ფინანსური ხარჯები დაეფარა - რის გამოც 2021 წელს კომპანიამ 22 მილიონი ლარით, 2020 წელს კი 74.4 მილიონი ლარით იზარალა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს “ტელეიმედის” მთავარი ხარჯები იყო:

შრომის ანაზღაურება - 28.7 მილიონი ლარი;
ცვეთა და ამორტიზაცია - 9.8 მილიონი ლარი;
სხვა საოპერაციო ხარჯები - 29 მილიონი ლარი;
ფინანსური ხარჯები - 22 მილიონი ლარი;

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “იმედს” გააჩნია 33 მილიონი ლარის აქტივები და 300 მილიონი ლარის ვალდებულებები. ასევე კომპანიას აქვს დაგროვილი ზარალი 318 მილიონი ლარის ოდენობით.

ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი კომპანია “ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპი” ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის მიერ დაფუძნებულმა საინვესტიციო ჰოლდინგმა “Media Finance Group B.V”-იმ 2018 წელს შეიძინა.

თავის მხრივ, “ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუფს” “ტელეიმედთან” ერთად GDS-ისა და “რადიო იმედის” 100%-იანი წილიც ეკუთვნის, შესაბამისად, აღნიშნული მაუწყებლების მფლობელიც ამჟამად ირაკლი რუხაძის ბიზნეს ჯგუფია.

ფინანსური ანგარიშგების თანახმად, ტელეკომპანია “იმედის” დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო ტელევიზიის მიერ მოზიდული სესხებია. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში ტელევიზიის ვალდებულებების მოცულობა 256 მილიონი ლარიდან 282 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ტელევიზიას ყველაზე მეტი თანხა - 131 მილიონი ლარი Ps Capital Lux S.A.R.L.-ის მიმართ მართებს. ამ სესხის განაკვეთი 10%-ია.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, ტელევიზია 924 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები