მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტელევიზიების 57-მილიონიანი საბიუჯეტო დავალიანების 73% "ტელეიმედსა" და "რუსთავი 2"-ზე მოდის

ტელევიზია

BMG-იმ შემოსავლების სამსახურისგან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა ტელევიზიების მიერ დაუფარავი საგადასახადო ვალდებულებების მხრივ 2024 წლის მდგომარეობით. უწყების პასუხის თანახმად, მათ შეუძლიათ გასცენ ინფორმაცია იმ ვალდებულებების ძირის შესახებ, რაც ტელევიზიებს სახელმწიფოს წინაშე აქვთ დაგროვილი, თუმცა ინფორმაცია საგადასახადო შეთანხმებების არსებობის თუ მათი პირობების თაობაზე, საიდუმლოებაა. უწყების პასუხიდან ირკვევა, რომ 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით ტელევიზიების ვალი 57.6 მილიონი ლარია, ამ ვალდებულებების 73% მოდის "რუსთავი 2"-სა და "ტელეიმედზე".

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის თანახმად, ბოლო 4 წელიწადში ტელევიზიების ჯამური ვალი მზარდია, რაც ძირითადად "ტვ პირველისა" და "მთავარის" მიერ საგადასახადო დავალიანების დაგროვებას უკავშირდება.

ტელეკომპანიების დაუფარავი ვალები სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ:

ტელეკომპანია დავალიანება 2024 აგვისტო (ლარები) 2024 იანვარი 2023 იანვარი 2022 იანვარი 2021 იანვარი 2020 იანვარი 2019 იანვარი
რუსთავი 2 25,052,436 25,004,850 24,926,217 24,421,089 23,012,818 23,573,081 16,758,247
ტელეიმედი 16,838,513 15,499,208 16,486,203 16,545,366 17,431,987 16,992,111 11,701,336
მთავარი არხი 8,081,630 6,233,865 3,231,130 640,803
ტვ პირველი 7,452,725 6,312,952 4,391,897 2,210,195 895,145 520,414
შპს ფორმულა მულტიმედია 169,828 120,747

"საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება და საჯაროა ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით გიგზავნით საჯარო ინფორმაციას წერილით მითითებულ იმ გადამხდელთა შესახებ, რომელთაც უფიქსირდებათ საგადასახადო დავალიანება ძირითადი გადასახადის მიხედვით.

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წელს გაკეთდა საჯარო შეთავაზება ტელეკომპანიებთან, რომელიც ითვალისწინებდა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე არსებული საგადასახადო დავალიანების გადავადებას.

გასათვალისწინებელია, რომ „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის N13466 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად, გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, შეთანხმებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის თანხების შემცირება პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ხორციელდება გადასახადის ან/და სანქციის სახეების მიხედვით და გადაიტანება დროებით ბარათზე. აღნიშნულ შემთხვევაში დროებით ბარათზე ასახული ძირითადი გადასახადის თანხაზე გრძელდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საურავის დარიცხვა და არსებული თანხა მონაწილეობს ზემოაღნიშნული წესით ნაერთი დავალიანების ფორმირებაში,"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს პასუხში.

ქართული ტელევიზიების მუდმივად ზარალიანი ფინანსური მაჩვენებლები:

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ტელევიზიების მიერ საგადასახადო ვალდებულებების დაგროვების მთავარი მიზეზი მათი ნეგატიური ფინანსური შედეგები შეიძლება იყოს, რადგანაც უმსხვილესი ტელევიზიებისთვის მათი სარეკლამო შემოსავლები მთლიანი ხარჯების დაფინანსებისთვის არასაკმარისია, რის გამოც ტელევიზიები მათი დამფუძნებლების მხრიდან მუდმივ სუბსიდირებას საჭიროებენ, რაც ხშირად დამფუძნებლის მხრიდან ტელევიზიისთვის ვალის მიცემით ან დამფუძნებელთან დაახლოებული ფინანსური ინსტიტუტების ან ბიზნეს ჯგუფების მხრიდან ტელევიზიებისთვის ვალების გამოყოფით და წინა ვალების გადაფარვით ხორციელდება.

არსებული მდგომარეობით 2023 წლის ფინანსური შედეგი გამოქვეყნებული აქვს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს (სს "მედია ჰოლდინგს"), რომლის თანახმადაც ტელევიზიის 14.3 მილიონიანი კომერციული შემოსავალი ყველა ხარჯის დასაფარად არასაკმარისი იყო და ტელევიზიამ გასული წელი 31 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, ანალოგიურად, ზარალიანი იყო 2022 წელიც, როდესაც ზარალი 26.3 მილიონ ლარს შეადგენდა, 2021 წელიც, როდესაც ზარალი 14.9 მილიონი ლარი იყო, 2020 წელსაც ტელევიზიას (შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს") 42.5 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა, 2019 წელს რუსთავი 2-ის ზარალი 25.3 მილიონი ლარი იყო, 2018 წელს 13.4 მილიონი ლარი, 2017 წელს კი 9.9 მილიონი ლარი. შესაბამისად, ამ ტელევიზიის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ყველა წლის ფინანსური ანგარიში მუდმივად ზარალიან ბიზნესმოდელზე მეტყველებს.

"ტელეიმედს" ამ დროისთვის 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოქვეყნებული არ აქვს, თუმცა ზარალიანი იყო ტელევიზიისთვის 2022 წელი, როდესაც ტელეკომპანიის მიერ კომერციული შემოსავლის სახით მიღებული 47.9 მილიონი ლარი ყველა ხარჯის დასაფარად არასაკმარისი იყო და ტელევიზიამ 29.4 მილიონი ლარით იზარალა, ასევე ზარალიანი იყო 2021 წელიც, როდესაც 22.1 მილიონ ლარს შეადგენდა, ასევე 2020 წელიც როდესაც "ტელეიმედმა" 74.4 მილიონი ლარის ზარალი განიცადა, 2019 წელიც ზარალიანი იყო როდესაც ზარალი 51.2 მილიონ ლარს აღწევდა, ხოლო 2018 წელს კი ზარალი 34.4 მილიონი ლარი იყო.

2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოქვეყნებული აქვს ტელეკომპანია "ფორმულას", რომლის თანახმადაც გასულ წელს ტელევიზიის კომერციული შემოსავალი 4.7 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა ეს ტელევიზიის ხარჯების დასაფინანსებლად არასაკმარისი იყო და გასულ წელს "ფორმულას" 42.1 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა, ანალოგიურად ზარალიანი იყო "ფორმულასთვის" 2022 წელიც 22.1 მილიონი ლარის ზარალით, 2021 წელს ზარალი 27.2 მილიონი ლარი იყო, 2020 წელს ზარალი 34.5 მილიონი ლარი იყო, 2019 წელს კი ზარალი 0.6 მილიონი ლარი იყო.

2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოქვეყნებული აქვს "ტვ პირველს", რომლის თანახმადაც ტელევიზიას გასულ წელს 5.5 მილიონი ლარის კომერციული შემოსავალი ჰქონდა, თუმცა ეს თანხა ყველა ხარჯის დასაფინანსებლად არასაკმარისი იყო და გასულ წელს ტელევიზიის ზარალმა 3.9 მილიონი ლარი შეადგინა, 2022 წელს კი ზარალი 3.4 მილიონი ლარი იყო, 2021 წელს 3.2 მილიონი ლარი, 2020 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად კი ტელევიზიას 1.9 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა.

"მთავარ არხს" 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოქვეყნებული არ აქვს, თუმცა 2022 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ტელეკომპანიის 10.1 მილიონიანი სარეკლამო შემოსავალი ხარჯების დაფინანსებისთვის არასაკმარისი იყო და ტელეკომპანიამ 10.2 მილიონი ლარის ზარალი განიცადა, 2021 წელს ზარალი 18.5 მილიონი ლარი იყო, 2020 წელს ზარალი 17.6 მილიონ ლარს შეადგენდა, 2019 წელს კი ზარალი 5.9 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები