2026 წელს, ქართული მეღვინეობის კომპანია „თელიანი ველი“ უკვე არსებულ საექსპორტო ბაზრებზე გააქტიურებას გეგმავს.
კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, ირაკლი ბოკუჩავა BM.GE-სთან ინტერვიუში 2025 წელი პოზიტიურად შეაფასა და განაცხადა, რომ კომპანიის, რომლის წარმოებული ღვინოც უკვე 30 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი, გაყიდვების 90% ექსპორტზე მოდის.
„25 წელი საკმაოდ კარგი წელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინის ექსპორტი მთელი ინდუსტრიისთვის ისე არ გაზრდილა, როგორც ველოდით. თუმცა, კომპანიისთვის წარმატებული წელი იყო: არსებულ ბაზრებზე გაყიდვები გაიზარდა, განსაკუთრებით გამოვყოფდი პოლონეთისა და ბრიტანეთის ბაზრებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში რთული წელი გვქონდა, ტარიფებისა და გაურკვეველი პოლიტიკის გამო, მაგრამ წლის ბოლოს ბაზარი დასტაბილურდა და ბოლო მეოთხედი საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდა“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.
რაც შეეხება გალფის ქვეყნებთან მოლაპარაკებებს, რომელსაც კომპანია გასულ წელს აანონსებდა, ბოკუჩავას თქმით, პროცესი ნელა მიმდინარეობს. „პროგრესია უკეთესობისკენ, მაგრამ პროცესი ნელა მიდის, რადგან ეს ქვეყნები ტრადიციულად დიდად არაა ღვინის მომხმარებლები. თუმცა წინ მივდივართ“, – თქვა მან.
კომპანია გეგმავს ექსპორტზე ორიენტირებული ახალი პროდუქტების დამატებას, რომლებიც ბაზრის მოთხოვნებზე იქნება მორგებული. "შარშან რამდენიმე ახალი ნიმუში დავამზადეთ, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე კარგად მიიღეს. წელს ამ პროდუქტებს უფრო მასშტაბურად გამოვუშვებთ. ძირითადი ფოკუსი, რა თქმა უნდა, კვლავ ექსპორტზე რჩება“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.
მისივე შეფასებით, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები სტაბილურად მიმდინარეობს, კომპანიამ ბაზრის ლიდერის პოზიცია გასულ წელსაც შენარჩუნა. „განსაკუთრებული სიახლეები [შიდა ბაზარზე] არ გვაქვს, თუმცა კონკურენცია იზრდება, ქსელების კონსოლიდაცია მიმდინარეობს და ბაზრის სტრუქტურა იცვლება. თუმცა, ყველაფერს ვუმკლავდებით“, – აღნიშნა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა.
ირაკლი ბოკუჩავა ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობა ყოველწლიურად იზრდება. „არატრადიციულ ბაზრებზე, დსთ-ს ქვეყნების გარდა, ექსპორტი ყოველწლიურად მატულობს. მაგალითისთვის, ინგლისში ქართული ღვინო ადრე სპეციალიზებულ მაღაზიებში იყიდებოდა, ახლა კი ჩვეულებრივ სუპერმარკეტებშიც ჩანს, რაც ზრდასრული ცნობადობის მაჩვენებელია“, – აღნიშნა მან.




























