დღეს ონლაინ მეკობრეობის წინააღმდეგ პოლიტიკის ცვლილებების შემუშავების პროცესში, საკანონმდებლო სიახლეების დანერგვისა და აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამები, საქპატენტთან ერთად საჯარო-კერძო დიალოგის მორიგ სერიას გამართავენ. ღონისძიება 15:30 საათზე სასტუმრო "სტამბაში" ჩატარდება.
როგორც bm.ge-ს USAID-დან აცნობეს, დიალოგში მონაწილეობას როგორც კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები მიიღებენ. მხარეები ერთობლივად განიხილავენ კრეატიული ინდუსტრიების სექტორში არსებულ გამოწვევებს და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების ახალ ე.წ. "შეტყობინება-აღების" (Notice-and-Takedown) მექანიზმის პროექტს.
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ახალი მექანიზმი საავტორო უფლებისა თუ მომიჯნავე უფლების მფლობელს მისცემს შესაძლებლობას, შუალედური მომსახურების მიმწოდებლისაგან (ISPs) დადგენილი წესით, წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, მოითხოვოს იმ კონტრაფაქციულ ასლებზე წვდომის შეზღუდვა, რომელიც არღვევს მის საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებას. კანონპროექტი დაადგენს ასევე შუალედური მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლებს.
"საქართველოში მეკობრეობა ბევრ სექტორშია გავრცელებული, მათ შორის: კინო და სერიალები, მუსიკა, ვიდეო თამაშები და პროგრამული უზრუნველყოფა. მეკობრულად მოპოვებული შინაარსის თითქმის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა უარყოფითად მოქმედებს კერძო სექტორის მრავალ აქტორზე. დიალოგის შედეგად მოხდება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შემოთავაზებული მექანიზმისა და მეკობრეობის წინააღმდეგ პოლიტიკის ცვლილებების განხილვა და გაუმჯობესება, დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრის ჩართულობით.
კრეატიული ინდუსტრიებისთვის ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით, საჯარო და კერძო სექტორების აქტიური ჩართულობით, ონლაინ მეკობრეობა გამოვლინდა, როგორც მთავარი პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად აფერხებს სექტორის განვითარებას.
2020 წლიდან, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან საქპატენტთან ერთად ხორციელდება მთელი რიგი ინიციატივები, მეკობრეობის წინააღმდეგ პოლიტიკის ჩარჩოს გაუმჯობესებისა და ონლაინ სივრცეში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ონლაინ მეკობრეობის წინააღმდეგ დაგეგმილი ინტერვენციები ფოკუსირებულია არა მხოლოდ ახალი რეგულაციის შემოღებაზე, არამედ, ასევე, მომხმარებლისთვის ლეგალური კონტენტის უფრო ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე საქართველოში", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.




























