ჩვენ უნდა ავირჩიოთ გონებით და არა ემოციით, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BMG-სთან ინტერვიუში მოსალოდნელ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ჩვენ უნდა ავირჩიოთ საქართველოს მომავალი და არა დავიცვათ რომელიმე პოლიტიკოსის ნება-სურვილი”.
“ჩვენი მოვალეობაა, რომ არჩევანი გავაკეთოთ ქვეყნის მომავალზე. მთელი მსოფლიო გვეუბნება, რომ ჩვენი მომავალი არის კოალიციური მთავრობა... მეტი გულახდილი და გამჭვირვალე მოწოდება... მეტი რა ქნან?! რატომღაც ჩვენ გვგონია, რომ კოალიციური მთავრობა მაინც და მაინც ოპოზიციისგან შედგება. კოალიციური მთავრობა არის, სადაც ყველა იქნება. ოღონდ უნდა იყოს ინტელექტუალური კოალიცია. არ არის აუცილებელი, რომ პარტიის თავმჯდომარეები და პირველი პირები იყვნენ მაინც და მაინც პრემიერ-მინისტრები, ხომ შეიძლება სხვა იყოს?!”, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
მისივე თქმით, არჩევნებში შეიძლება ერთმა ადამიანმა ხმა მოუპოვოს პარტიას, მაგრამ მეორე ადამიანმა მართოს.
“შეიძლება ამომრჩევლის ხმა მოიპოვო სიმღერით, მაგრამ ქვეყანას სიმღერით ვერ მართავ და ვერც ააშენებ. შეიძლება ამომრჩევლის ხმა მოიპოვოს მოჭიდავემ, ფეხბურთელმა, ვინაიდან ამომრჩეველი მას პატივს სცემს როგორც გმირს და მართლა გმირები არიან. ოლიმპიური ჩემპიონი რომ გახდები, გმირი ხარ, რა თქმა უნდა. მაგრამ მან რომ ამომრჩევლის ხმა მოიპოვა, ვისთვისაც მოიპოვა, ის უნდა იყოს ღირსეული ადამიანი, ვისაც შეუძლია ქვეყანა მართოს.
ეს არის ხერხი ხმის მოპოვების, ეს დასაძრახი არ არის. ის რომ მმართველი პარტია იბრძვის შეინარჩუნოს ძალაუფლება, ესეც ნორმალურია. რატომ არ უნდა იბრძოლოს, ასეთი კეთილდღეობა აქვს?!”, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.