ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შეფასებით, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ქვეყნის მიმართ ევროპელი ინვესტორების ნდობას და ინტერესს გაზრდის. ამის შესახებ მან bm.ge-ს ისტორიული ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
თემურ ჭყონიას მოსაზრებით, საქართველოსთვის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ საზოგადოებაში დიდი იმედი გააჩინა, რომ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი მალე გავხდებით.
"თაობა, რომელმაც ათეული წლები უნდა იცხოვროს ევროპულ საქართველოში, უკვე არავის მისცემს იმის უფლებას, რომ ქვეყანას ამ გზიდან გადაახვევინონ. ეს არაა თაობა, რომელიც ერგება რაღაცას და ვიღაცას. ეს არის თაობა, ვინც უნდა მოირგოს შესაძლებლობა, რომელიც მოგვეცა წინსვლისთვის და განვითარებისთვის. შეიძლება ქართველი ემიგრანტებიც დაბრუნდნენ - მათ უდიდესი ცოდნა და გამოცდილება აქვთ დაგროვილი, რაც სჭირდება საქართველოს“, - თქვა ბიზნესმენმა.
ბიზნესმენის თქმით, ახლა მთავარია, საქართველომ ყველა საჭირო რეფორმა გაატაროს, ევროკავშირის გაფართოების პერიოდისთვის ანუ 2030 წლამდე.
„დღეს, ოფისში რომ მივედი და თანამშრომლებს შევხედე, შევატყვე, რომ საზოგადოებაში სიამაყის განცდა გაჩნდა, რაც ბუნებრივია. ევროპის 27 ქვეყნის პრეზიდენტებმა, ადამიანებმა, რომლებიც მსოფლიოს მართავენ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოგვანიჭონ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ახლა მთავარია, ცხრა პუნქტი შევასრულოთ და თან იმ სტანდარტით, როგორც ამას ევროკავშირი ითხოვს - ამას წყალი არ გაუვა.
ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ 9 დათქმა თუ პუნქტი, რომელიც ჩამოგვიწერეს, ევროპის მოთხოვნილება კი არაა, არამედ ეს სჭირდება საქართველოს. რეალურად, ევროპამ გვითხრა, რომ მათ შეისწავლეს ჩვენი პრობლემები, თუ რა გვიჭირს ქვეყნის შიგნით და გამოყვეს ცხრა ძირითადი პუნქტი. მათი შესრულება კი სჭირდება არა ევროპას, არამედ - საქართველოს, რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გუშინ მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა.