მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტენდერები ტარდება იმ წესებით, როგორც დონორები ითხოვენ" - მინისტრის პასუხი პოლონეთის ელჩს

5fcdebfd171db
ინგა მურუსიძე
07.12.20 12:58
957
"საქართველო გზების მშენებლობისთვის ჩინურ კომპანიებს იწვევს, როცა გვირაბების მშენებლობა პოლონურ კომპანიებსა შეუძლია და ისინი ჩინურზე უკეთესია", - ეს განცხადება საქართველოში პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში. "თანხების უმრავლესობა მოდის ევროკავშირიდან, კონკრეტულად ევროპის საინვესტიციო ბანკიდან, რომლითაც საქართველო სარგებლობს", - დასძინა პოლონელმა დიპლომატმა. 

დღეს კი, მედიის წარმომადგენლებმა აღნიშნულზე კომენტარი სთხოვეს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, რომელმაც თქვა, რომ ტენდერები გამჭვირვალედ ტარდება და "აქ კითხვები არ არის".

„როცა საუბარია ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიც არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი ან ჩრდილოეთ-სამხრეთის და სხვა ისეთი პროექტები, რომელიც დონორის ფულით ფინანსდება, აქ ძალიან გამჭვირვალედ და ზუსტად არის გაწერილი პროცესი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ტენდერი. აქ არის არა მხოლოდ ევროკავშირის ფული, არამედ აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და ყველა იმ მსხვილი პარტნიორის ფული, რომლითაც ეს ნაციონალური პროექტები ფინანსდება. ტენდერები ტარდება ზუსტად იმ წესებით, როგორც დონორები ითხოვენ; ტენდერის ჩატარების შედეგად კი იგებს კომპანია, რომელმაც საუკეთესო შეთავაზება გააკეთა.

თუ ეს კომპანია არის ჩინური, რატომაც - არა?! თუ პოლონური კომპანია იქნება საუკეთესო, ტენდერში ის გაიმარჯვებს, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით, იმ სტანდარტებით, რომელიც სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ტენდერები სწორედ მათი წესებით და მათი ზედამხედველობით ტარდება - იმარჯვებს კომპანია, რომელიც არის საუკეთესო და აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ამასთან, ივანე მაჭავარიანის თქმით, საქართველოს მთავრობა ტენდერების ჩატარებისას პოლიტიკური ნიშნებით არ ხელმძღვანელობს.

„რომელი ქვეყნიდან არის და ა.შ. კომპანია, ამ ნიშნით, ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ. მე როგორც ვიცი, ჩინეთი არ არის მოყოლილი სანქციების ქვეშ, მაგალითად, როგორც ირანი; ჩინური კომპანიები ოპერირებენ ევროპაშიც. ჩვენ ტენდერებს პოლიტიკური ნიშნით არ ვატარებთ და არც ჩავატარებთ - აქ კითხვის ნიშნები არ არის“, - აღნიშნა მინისტრმა მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები