მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტენდერის ერთი პირობაც კმარა დასადგენად, რომ შესყიდვა კონკრეტულ კომპანიაზეა გათვლილი”- ბადრი ნიაური

64393cd2f17f2
ანუკა ჯოხაძე
14.04.23 16:35
880
კონკურენციის სააგენტომ 8 მუნიციპალიტეტის მხრიდან გამოცხადებულ ტენდერში კონკურენცის შემზღუდავი ფაქტები დაადგინა. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, გორის, მარნეულის, ხაშურის, ქარელის, კასპის, დმანისის, გარდაბნის და წალკის მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სადავო პირობის გამოყენების ფაქტი გამოიკვეთა, რის გამოც მუნიციპალიტეტებს სატენდერო პირობების ფორმირების პროცესში კონკურენციის პრინციპების დაცვა დაევალათ.

იურისტი ბადრი ნიაური ამბობს, რომ ხშირად კომპანიები სასამართლოს მიმართავენ იმ შემთხვევაში, როცა აქვთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ჯარიმა, რომელიც არასამართლიანად დაერიცხათ და სასამართლოში ასაჩივრებენ.

მისი თქმით, მსგავსი პირობის ტენდერებში ჩადება სახელმწიფო უწყებების მხრიდან კარგად აპრობირებული მეთოდია, რითაც ისინი ცდილობენ ტენდერი მათთვის სასურველ კომპანიას მოარგონ.

“ეს პირობები ბუნებრივია არაფრით არ უკავშირდება იმას, რომ შემსყიდველი მივიდეს იმ კომპანიამდე გულწრფელად, რომელსაც არ აქვს დავალიანება, არ აქვს სასამართლო დავა, აქვს ძალიან ბევრი ბრუნვა. ასეთი კომპანიები ბუნებაში არ არსებობენ, იმიტომ რომ კომპანიები არის ცოცხალი ორგანიზმი, რომლებიც უპირობოდ არ იხდიან ამა თუ იმ ჯარიმებს.

ხშირად ეს ჯარიმები არის მოგონილი და გაზრდილი. შესაბამისად, კომპანიებს უნდა დავუტოვოთ უფლება, რომ წავიდნენ სასამართლოში და არ აღიარონ საგადასახადო ვალდებულება და დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე. სახელწმიფო გვევლინება მოძალადედ, რადგან ბევრი კომპანია იძულებულია აღიაროს დავალიანება, გადაიხადოს, იძულებულია, რომ სასამართლოზე თქვას უარი მხოლოდ იმისთვის, რომ ამა თუ იმ ტენდერში მიიღოს მონაწილეობა”, -აცხადებს იურისტი ბადრი ნიაური.

ბადრი ნიაური ამბობს, რომ კიდევ ერთი შემზღუდავი პირობა, რომელიც ტენდერებში ხშირად გვხვდება განსაკუთრებით შემჭიდროვებული ვადებია. მისი თქმით, იმდენად მცირე ვადებია მითითებული, რომ დაკვეთილი სამუშაოს შესრულება აღნიშნულ ვადებში წარმოუდგენელია.

“მორგებული ტენდერი ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას აქვს დროზე ადრე ინფორმაცია, რომ ცხადდება ტენდერი. მაგალითად ავეჯის შესყიდვაზე, შესაბამისად, ეს კომპანია წინასწარ იწყებს ამ მოქმედებებს და პროცედურებს, უკვეთავს ავეჯს. შესაბამისად, ის უკვე მზად არის ამ ტენდერისთვის.

ტენდერებში ერთი კომპონენტიც კი საკმარისია იმისთვის, რომ მეწარმემ ამოიკითხოს, რომ ეს ტენდერი ვინმეზეა გათვლილი. სჭირდება ნება შესყიდვების სააგენტოსი, რომელიც დააწესებს ძალიან მარტივ სტანდარტებს. უნდა ჩამოყალიბდეს პრინციპები, პირობითად 5-10 პრინციპი რას უნდა აკმაყოფელებდეს კომპანია. ამ პრინციპიდან კი შემსყიდველს შეეძლოს რომელიმე ორის გამოყენების უფლება”, - ამბობს იურისტი ბადრი ნიაური.

კონკურენციის სააგენტოს შესაბამისი საჩივრით „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფმა“ მიმართა. როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა აღნიშნულ კომპანიას გორისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მხრიდან გამცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა შეეზღუდა. მიზეზი გახდა შემსყიდველების მხრიდან დაწესებული ერთ და იმავე პირობა, კერძოდ, კონტრაქტორებსა და ქვეკონტრაქტორებს, რომლებიც სასამართლ დავაში იყვნენ ჩართულნი ტენდერში მონაწილებას უკრძალავდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე აღნიშნული ტენდერები მარტივად იძებნება. ორივე შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობას მომჩივანი „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი” და შპს ოპტიმალ გრუპ+ იღებდა. თუმცა ორივე შემთხვევაში გამარჯვებულად შპს ოპტიმალ გრუპ+ დასახელდა, რადგან „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფს” სასამართლო დავა ტენდერში მონაწილეობას უზღუდავდა. არადა მარნეულის მერიის მხრიდან გამოცხადებულ ტენდერში „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფს” თავის კონკურენტზე 2-ჯერ დაბალი ფასი ჰქონდა შეთავაზებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები