დღეს, 12 აგვისტოს, დიდგორის ბრძოლის ისტორიულ ადგილზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2026“ იმართება. 1 121 წლის ისტორიულ გამარჯვებასთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო მომსახურებებს საქართველოს კულტურის სამინისტრო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით (ტენდერის გარეშე) შეიძენს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 279 985 ლარს შეადგენს.
უწყების განმარტებით, დღევანდელი ღონისძიება მოიცავს ოფიციალურ საზეიმო ცერემონიას, კულტურულ-შემოქმედებით პროგრამას, სამხედრო-ისტორიულ ელემენტებს, ხალხური რეწვისა და კულინარიულ მასტერკლასებს, ასევე სატელევიზიო გადაღებასა და პირდაპირ ტრანსლაციას.
კულტურის სამინისტროში გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობას შეზღუდული ვადებითა და საორგანიზაციო პროცესის სპეციფიკით ხსნიან.
შესაბამისი დოკუმენტაციის თანახმად, სხვადასხვა უწყებასთან კოორდინაციისა და ლოკაციის ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ, შესასყიდი მომსახურებების საბოლოო მოცულობები მხოლოდ ბოლო ეტაპზე განისაზღვრა. უწყება ამტკიცებს, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ელექტრონული ტენდერის ჩატარება შეუძლებელი იყო და მას შესაძლოა ღონისძიების გამართვისთვის საფრთხე შეექმნა ან საერთოდ ჩაეშალა იგი.
279 985-ლარიანი შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურებები:
- სატელევიზიო გადაღებისა და პირდაპირი ტრანსლაციის ტექნიკური უზრუნველყოფა;
- გახმოვანების, LED ეკრანებისა და ვიდეოსისტემების მოწყობა;
- სასცენო ინფრასტრუქტურისა და კონსტრუქციების დამონტაჟება;
- კულტურულ-შემოქმედებითი ნაწილისა და კულინარიული მასტერკლასების ორგანიზება.
აღნიშნული შესყიდვის დაფინანსების წყარო 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებია.




























